დღეს საღამოს იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა ხელს მოაწერს ახალ დადგენილებას, რომელიც კვირას, 15 ნოემბერს შევა ძალაში. რეგიონები – კამპანია (ნეაპოლი) და ტოსკანა (ფლორენცია) „წითელ ზონებად“ გამოცხადდა, ემილია რომანია (ბოლონია), ფრიული ვენეცია ჯულია (ტრიესტი) და მარკე (ანკონა) – „ნარინჯისფერ ზონაში“ გადადის. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
„ჩვენ ვაპირებდით ყველაფერი დაგვეკეტა ოქტომბერში, ერთი თვით, მაგრამ ცენტრალურმა ხელისუფლებამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და ე. წ. პროპორციული რეაგირების გზა აირჩია – რაც უფრო იზრდება ინფექცია, მით მეტი შეზღუდვა წესდება. სრულიად არასწორი არჩევანია, რადგან ინფექცია ხაზოვნად კი არ ვრცელდება, არამე ექსპონენციალურად“, – განაცხადა კამპანიის პრეზიდენტმა ვინჩენცო დე ლუკამ ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვისას. – „მთავრობის ამ არჩევანის გამო 2 ძვირფასი თვე დავკარგეთ, როდესაც ჩვენთან მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა და სიკვდილიანობა“.
დე ლუკა იტალიის ზონებად დაყოფას „გაუაზრებელ არჩევანს“ უწოდებს. იგი სკოლების არდახურვასთან დაკავშირებითაც საწინააღმდეგო აზრისაა: „მათ გადაწყვიტეს, რომ სკოლები აუცილებლად უნდა იყოს ღია. გაიხსენეთ მინისტრ აძოლინას სიტყვები, რომელსაც პრემიერ-მინისტრიც უჭერდა მხარს. ახლა მათ გააკეთეს ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ერთი თვის წინ და ბოდიში არავინ მოიხადა“.
„, 3-4 მინისტრის გამოკლებით, ეს არ არის მთავრობა. … ჯობს, გვყავდეს მთავრობა, რომელიც ქაოსს არ ქმნის, რაც იტალიაში შეიქმნა. ამ პირობებში უმჯობესია ეს მთავრობა სახლში გავუშვათ“, – აცხადებს დე ლუკა (შეგახსენებთ, რომ დე ლუკა სამთავრობო კოალიციაში შემავალი დემოკრატიული პარტიის წევრია; იგი კამპანიის პრეზიდენტის პოსტს 2015 წლიდან იკავებს).
დე ლუკა ფეისბუქზე დღევანდელ მონაცემებსაც აქვეყნებს – კამპანიაში გასულ 24 საათში ინფიცირების 4079 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 40 ადამიანი გარდაიცვალა.
Ansa-ს ინფორმაციით, მთლიანად იტალიაში გასულ ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 40 902 შემთხვევა დაფიქსირდა (გაკეთდა რეკორდული რაოდენობის – 254 908 ტესტი, მათგან კორონავირუსი 16%-ში დადასტურდა). გარდაიცვალა კიდევ 550 კოვიდინფიცირებული.
სპეციალისტების თქმით, 2-3 კვირაში იქნება შესაძლებელი შეფასება, ზომები შესუსტდება თუ საჭირო გახდება გამკაცრება. მათი თქმით, თუ მიღებულ ზომებს დაიცავენ მოქალაქეები, შემდგომ ჩაკეტვას ქვეყანა თავიდან აიცილებს.
„კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობა ამ კვირაში ყოველ 10000 მცხოვრებზე 650-მდე გაიზარდა, თუმცა ამ კვირაში RT (ინფიცირების ინდექსი) ცოტათი შემცირდა – 1,7-იდან 1,4-,მდე [საშუალო მაჩვენებელი მთელი იტალიისთვის], თუმცა მაინც 1-ზე მაღალია. ეს მხოლოდ ერთი ნიშანია იმისა, რომ ინფექციის გადაცემის მაჩვენებელი შემცირდა, რაც შეგვიძლია უკვე მიღებული ზომების შედეგად ჩავთვალოთ, თუმცა, სამწუხაროდ, ვირუსი მთელ ქვეყანაში ცირკულირებს“, – განაცხადა ვიდეომიმართვაში ჯანდაცვის სამინისტროს პროფილაქტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ჯანი რეზამ.
ჯუზეპე კონტემ დღეს განმარტა, რომ არ აპირებს სკოლების დაკეტვას, რადგან კორონავირუსის გავრცელება სკოლებში მინიმალურია. მისი თქმით, მთავრობა უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჩვეულებრივ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, უკიდურეს შემთხვევაში უმცროსკლასელებისთვის მაინც.
ნინო ხოშტარია
კომენტარები