„ტვიტერმა“ ტრამპის კომენტარი, სადაც ის არჩევნებში გამარჯვების შესახებ წერს, შეცდომაში შემყვან ჩანაწერად მონიშნა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნების ღამეს მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე ჩანაწერი გააკეთა. ერთ-ერთ მათგანში ტრამპი აცხადებს, რომ მან „დიდ გამარჯვებას“ მიაღწია. ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ეს გამარჯვება შეიძლება მოიპარონ“.
ამ ჩანაწერს „ტვიტერის“ მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ჩანაწერის გახსნამდე სოციალური ქსელის მესვეურები აფრთხილებენ მომხმარებლებს, რომ „ტრამპის კომენტარის შინაარსი ან მისი ნაწილი მაინც სადავოა და ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა შეუძლია“.
We are up BIG, but they are trying to STEAL the Election. We will never let them do it. Votes cannot be cast after the Polls are closed!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) November 4, 2020
„ტვიტერში“ განმარტეს, რომ პრეზიდენტის კომენტარის მონიშვნის მიზეზი ფოსტით მიცემული ხმებია, რომელთა დათვლაც არჩვენების დღის მერეც გრძელდება და ამ ხმებს შეუძლია შედეგის შეცვლა.
ტრამპის თქმით, ის არჩევნებს იგებდა, „თუმცა მოულოდნელად ყველაფერი გაჩერდა“. მისი შეფასებით, ეს „თაღლითობაა“.
„ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნების მოსაგებად. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ მოვიგეთ კიდეც. ახლა დადგა მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის მასშტაბური თაღლითობა. ჩვენ გვინდა რომ კანონმა სწორად იმუშაოს. ასე რომ, ჩვენ წავალთ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. ჩვენ გვინდა რომ ყველანაირი ხმის მიცემის პროცესი შეჩერდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ მათ დილის 04:00 საათზე ბიულეტენები აღმოაჩინონ“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ფოსტით ხმის მიცემისა და წინასწარ ხმის მიცემის უფლებით დაახლოებთ 100 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა. ამ ხმების დათვლა ზოგიერთ „მერყევ“ შტატში დღეს დაიწყო და შედეგების გამოცხადება, სავარაუდოდ, გაჭიანურდება. მათ შორის არის პენსილვანია, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი შტატი აღმოჩნდეს და ვინ იქნება გამარჯვებული, საბოლოოდ სწორედ ამ შტატის შედეგებმა გადაწყვიტოს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კანონმდებლობით, ფოსტით მიცემული ხმების მიღება კიდევ რამდენიმე დღეს გრძელდება. მათ შორის არის პენსილვანია, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი შტატი აღმოჩნდეს და გამარჯვებულის ვინაობა სწორედ ამ შტატმა გაარკვიოს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. პარალელურად, ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრის არჩევნებიც (წარმომადგენელთა პალატაში ამჟამად უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ).
კომენტარები