პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

როდის შეიძლება დაწესდეს საბერძნეთში ლოქდაუნი – კრიტიკული თარიღი დასახელდა

გუშინ კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა 2000-ს გადასცდა, დღეს 1700-მდეა, 135 პაციენტს ინტუბაციური მკურნალობა სჭირდება

როგორც იტყვიან, მოლოდინი  რეალობად იქცა: შემთხვევათა დღიურმა რაოდენობამ საბერძნეთში 2000-ს გადააჭარბა და შაბათი საღამოს მონაცემებით (31.10.2020) 2056-ს მიაღწია. გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი. დღეს კი 1678 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა.

EODY-ის (საბერძნეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაცია) მონაცემებით, შემთხვევების საერთო რაოდენობაა 40 929, აქედან დაახლ. 55% მამაკაცია.

კოვიდინფიცირებულ 135 მძიმე პაციენტს ინტუბაციური მკურნალობა სჭირდება. მათი საშუალო ასაკი 65 წელია, 93.3%-ს კოვიდის გარდა აქვს ძირითადი დაავადება ან 70 წელზე მეტისაა. მათგან 38 (28,1%) ქალია, დანარჩენი კი – მამაკაცი.

საბერძნეთში კოვიდის გამო დაღუპულთა რაოდენობა 635-ს აღწევს. აქედან 38.0%-მდე ქალია, დანარჩენი კი მამაკაცი. გარდაცვლილი მოქალაქეების საშუალო ასაკი 79 წელია (79 წელზე მეტი ასაკის იყო გარდაცვლილთა 96.2%), უმეტესობას კოვიდის გარდა სხვა დაავადებაც ჰქონდა.

 კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ახალი ზომები:

SARS-CoV-2-ით ინფიცირების ახალი შოკისმომგვრელი ანტირეკორდების ფონზე ნიკოს ხარდალიასმა (სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სამოქალაქო დაცვისა და კრიზისების მართვის საკითხებში) და მიხალის ხრისოხოიდისმა (სამოქალაქო დაცვის სახელმწიფო მინისტრი) ქვეყნის 27 რეგიონი ზედამხედველობის „წითელ“ (დონე B) და 47 რეგიონი „ყვითელ“ (A დონე) ზონებად გამოაცხადეს.

ნიკოს ხარდალიასმა და მიხალის ხრისოხოიდისმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს კუნძულ სამოსიდან იმ ახალი ზომების გასაანალიზებლად, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა წინა დღეს გამოაცხადა სიტყვით გამოსვლისას.

„ნიღაბი დაცვის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ამ დროისთვის გვაქვს. ეს არის ვაქცინა ვაქცინამდე“, – განაცხადა სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ და აღნიშნა, რომ „პანდემია ხელახლა გაჩაღდა მეორე ტალღის სახით“.

3 ნოემბრის 06:00 საათიდან საბერძნეთში შემდეგი ახალი შემზღუდავი ზომები შედის ძალაში:

  1. გამოიყენეთ ნიღბები დახურულ და ღია სივრცეში.
  2. გადაადგილება აკრძალულია 00:00-05:00 სთ-ებში (აუცილებელი გარემოებების გარდა, რომლისთვისაც სპეციალური ნებართვაა საჭირო).
  3. საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია მგზავრობა ნიღბის გამოყენების გარეშე.
  4. სავალდებულოა დისტანციური მუშაობა მინიმუმ 50%-ით კერძო და საჯარო სექტორში.
  5. დისტანციური სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში, გამონაკლისია კლინიკები და ლაბორატორიები.
  6. ჩერდება ვიზიტები სოციალურ სტრუქტურებში.

არ იკეტება საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, სკოლები, აგრეთვე, არქეოლოგიური სივრცეები, სასტუმროები, საპარიკმახეროები, სამრეწველო საწარმოები.

როდის შეიძლება დაწესდეს საბერძნეთში სრული კარანტინი – კრიტიკული თარიღი დასახელდა

თუ ახალი ზომები შედეგს არ გამოიღებს, ქვეყანა ლოქდაუნის აუცილებლობის წინაშე დადგება.

საბერძნეთის მოქალაქეების ცხოვრება კვლავ იცვლება სამშაბათ დილიდან (3 ნოემბერი). ახალი შემზღუდავი ზომების მოქმედების ვადად, მინიმუმ, ერთი თვე ცხადდება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სიმწვავეზე.

პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, რომელსაც სურდა თავიდან აეცილებინა საზოგადოებისა და ეკონომიკის ახალი საყოველთაო ჩაკეტვა, გადაწყვიტა მინიმალური წერტილოვანი დაბლოკვა განახორციელოს ინფექციის ფართო გავრცელების ზონებში, ერთი მხრივ, ინფექციის გავრცელების შეზღუდვისთვის, მეორე მხრივ კი, მიცოტაკისის გზავნილია მოქალაქეებისთვის, რომ ეს არის საბერძნეთის უკანასკნელი შანსი სრულ დახურვამდე, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება მრავალ დონეზე.

„და სიმართლე ისაა, რომ ჩვენ მისგან შორს აღარ ვართ, რაც არ უნდა სხვა გზას ავირჩიოთ“…

კორონავირუსის ტრანსმისიულობის ინდექსი სასოწარკვეთას იწვევს

ტრანსმისიულობის ინდექსი (Rt ან R0, რომელიც ჩვენი მკითხველისთვის კარგად ცნობილია და გვიჩვენებს, ერთი ინფიცირებულის მიერ დაავადებული ადამიანების რაოდენობას, საშუალოდ), საბერძნეთში ოქტომბერში საგრძნობლად გაიზარდა: 1.01-იდან 1.49-მდე.

30 ოქტომბერს RT 1.47-მდე ავარდა, რაც თითქმის პანდემიის 1-ლი ტალღის მაქსიმალურ მაჩვენებელს (1.48) უდრის. კოვიდ-19-ის გავრცელება საგანგაშო მასშტაბებს იღებს და თუ Rt-ის ზრდის ტენდენცია არ შეჩერდება, ძალიან მალე შემზღუდავი ზომები 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში  შეუქცევადი გახდება.

Newsbomb.gr-ის ინფორმაციის თანახმად, ინფექციური დაავადებების კომიტეტის კომისიის ყველაზე კრიტიკული შეხვედრა კირიაკოს მიცოტაკისთან დღეიდან 15 დღის შემდეგ არის დაგეგმილი, კერძოდ, ორშაბათს, 16 ნოემბერს. ამ დღეს მეცნიერები პრემიერ-მინისტრს შეატყობინებენ, იმუშავა თუ არა ახალმა ზომებმა პანდემიის წინააღმდეგ და საჭირო იქნება თუ არა დამატებით lockdown-ის დაწესება კიდევ მინიმუმ სამი კვირით.

თუ მეცნიერები მხარს დაუჭერენ საყოველთაო lockdown-ს, რეკომენდაცია დაუყოვნებლივ იქნება შესრულებული გასაგები მიზეზების გამო, – წერს გამოცემა.

ფული არ არის, მაგრამ საყოველთაო ჩაკეტვა შესძლოა ერთადერთი გამოსავალი იყოს, – ამბობენ მთავრობაში.

მთავარი მიზანია, შობის დღესასწაულზე საბერძნეთის ბაზარი (ფართო გაგებით) არ დაიხუროს, როგორც ეს გასულ აღდგომას მოხდა. ასეთი რამ საბერძნეთის ეკონომიკის „დასრულებას“ ნიშნავს და „არავინ იცის, რა თავგადასავლებში შევა ჩვენი ქვეყანა“, – წერს გამოცემა.

რაც შეეხება სპორტს, A ზედამხედველობის დონედ კლასიფიცირებულ რაიონებში (ყვითელ ზონებში):

წვრთნები და მატჩები ჩატარდება მაყურებლის გარეშე;

შემცირდება სპორტსმენების მაქსიმალური რაოდენობა 75%-ით თითოეულ დაწესებულებაში;

ასევე, მოქმედებს სპორტის გენერალური სამდივნოს სპეციალური ინსტრუქციები მომზადებისა და შეჯიბრებების თაობაზე და ჯანმრთელობის ოქმები.

B დონეზე (ანუ წითელ ზონებში):

ჩერდება ნებისმიერი სპორტული საქმიანობა;

ინდივიდუალური ვარჯიში დასაშვებია მხოლოდ გარე საზოგადოებრივ ადგილებში (მწვრთნელის გარეშე);

ინდივიდუალური სპორტის სახეობები დაიშვება მხოლოდ ღია სპორტულ ობიექტებზე და სპეციალურ სპორტულ სახეობებში, როგორიცაა: ჩოგბურთი, სროლა, მშვილდოსნობა, ნაოსნობა (ერთი კაცი), ნიჩბოსნობა (ერთი კაცი), კანოე კაიაკით (ერთი კაცი), წყლის თხილამურები, მძლეოსნობა, ცურვა (მხოლოდ ღია ზღვაში), ველოსიპედი, გოლფი, ცხენოსნობა და საავტომობილო სპორტი.

დასაშვებია მხოლოდ პირველი ეროვნული საფეხბურთო ლიგის (სუპერლიგა) და A1 საკალათბურთო ეროვნული დივიზიონის (კალათბურთის ლიგა), ასევე, ევროპული მატჩების (ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა) მატჩები FIFA და FIBA-ს სპეციალური პროტოკოლების შესაბამისად.

არქეოლოგიური ადგილებისა და ღია ცის ქვეშ მუზეუმებისთვის როგორც A (ყვითელი), ისე B (წითელი) დონის ზონებში ინდივიდებს შორის გათვალისწინებული უნდა იყოს 1,5 მეტრის მანძილი.

დახურული მუზეუმებისთვის A დონე (ყვითელი) ითვალისწინებს შემდეგს:

2 მეტრი მანძილი ვიზიტორებს შორის;

1 ადამიანი – 15 კვ.მ-ზე;

ჯგუფური ტურები 10 ადამიანამდე.

B (წითელ) დონეზე ყოფნისას მათი ფუნქციონირება შეჩერებულია.

სასამართლოების მუშაობასთან დაკავშირებით, A (ყვითელი) დონეზე გამოიყენება შემდეგი:

ოთახში 30-მდე ადამიანი;

სპეციალური ზომები სასამართლოს ადმინისტრაციებთან კონსულტაციების მისაღებად სამდივნოებში სინქრონიზაციის თავიდან აცილების მიზნით.

B დონეზე (წითელი) არსებობს სპეციალური პროტოკოლები საცდელების მუშაობისა და ჩატარებისათვის, რომლებიც დეტალურად იქნება აღწერილი JMC-ში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოიცემა.

რაც შეეხება ბაზრებსა და საკვირაო ბაზრობებს:

A დონის (ყვითელი) ზონებში: 50%-იანი დატვირთვა, გათვალისწინებულია დახლებს შორის 5 მეტრის დაშორება, ხოლო B დონის (წითელი) შემთხვევში მათი მოქმედება საერთოდ შეჩერებულია.

რაც შეეხება საკვები პროდუქტის მაღაზიებს (მაგალითად, სუპერმარკეტებს, მინი მარკეტებს, საცხობებს, ხორცის და თევზის  მაღაზიებს,) ორივე დონეზე მოცემულია:

1 ადამიანი 10 კვ. მ (4 ადამიანი 20-იდან 100 კვ.მ-მდე და 1 ადამიანი ყოველ 10 კვ.მ-ზე დამატებით).

ასევე ტარდება ბორბლიანი ურიკებისა და კალათების სპეციალური დეზინფექცია.

მხოლოდ B ‘(წითელ) დონეზე დასაშვებია ამ მაღაზიების ფუნქციონირება, აგრეთვე, შაბათ-კვირასაც.

გასართობი ცენტრების მუშაობასთან დაკავშირებით (საბანკეტო და ბარების ჩათვლით) A დონე (ყვითელი) განსაზღვრავს:

ნიღბის სავალდებულო გამოყენება როგორც პერსონალისთვის, ისე სტუმრებისთვის, ლოდინის დროს.

ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 ადამიანი.

ღამის კლუბებისთვის, რომელთა ტევადობა 300 კაცზე მეტია, დატვირთვა უნდა იყოს არაუმეტეს 50%-ისა, მაქსიმუმ 300 ადგილი.

ხოლო 300 ადამიანამდე ტევადობის ობიექტების მაქსიმუმ 50% უნდა იყოს დატვირთული, არაუმეტეს 150 ადგილისა.

ასევე გათვალისწინებულია მანძილი 1.8 მ მაგიდებს შორისაც.

სამუშაო საათების შეზღუდვა (დახურულია 23: 30-05: 00 საათამდე), აკრძალულია ყველა სახის ცოცხალი მუსიკის შესრულება.

B დონეზე (წითელი) მათი მოქმედება შეჩერებულია.

ფილმების ჩვენებისთვის A დონე (ყვითელი) გთავაზობთ:

მაქსიმუმ 50%იანი დატვირთვა;

ბილეთების გაყიდვა მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

B დონეზე (წითელი) ყოფნისას ფილმების ჩვენებები შეჩერებულია.

სილამაზის სალონებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც პირადი ჰიგიენის მომსახურებას ახორციელებენ, ორივე დონისთვის გათვალისწინებულია შემდეგი:

ზომები დაწესებულებაში ხალხის რაოდენობის შეზღუდვისთვის, ფართობიდან გამომდინარე, მიღებული პროტოკოლის შესაბამისად.

ვიზიტი ხორციელდება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით.

ნინო ბაჯელიძე

მომზადებულია ბერძნული მედიაგამოცემების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close