„დაიცავით ეს ოხერი წესებიიიიიიიიი, დაიცავით“ – COVID-19-ით 15 წლის გოგონა გარდაიცვალა
კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის ქეთი კობერიძე, რომელიც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.
ქეთი 2 კვირაზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „პაციენტს ერთი კვირის წინ ჰქონდა გულის გაჩერება და მაშინ ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა, თუმცა მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული“.
უცნობია, ჰქონდა თუ არა ქეთი კობერიძეს თანმხლები დაავადებები.
მოსწავლის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში პედაგოგები ემოციური პოსტებით ეხმაურებიან.
„გული საშინლად მტკივა, ურთულესია მოსწავლის გარდაცვალების გააზრება. ვზივარ და ვფიქრობ, რამდენი თბილი და ტკბილი დრო გაგვიტარებია ერთად, გული მეწვის. ამ ფოტოებისა შეტყობინებების ნახვაა, რომელიც უკვე მოგონებაა, ტკბილი მოგონება ცრემლიანი და ტკივილიანი მოგონება.
ქეთა, ჩემო ლამაზო, თბილო, თვალებციმციმა, ყოველთვის ხალისიანო, ძალიან დამწყვიტე გული. შენი ხმა ყურში ჩამესმის „მასწიკო“ – რამდენჯერმე მოგიმართავს ეგრე და ახლა შენს „მასწიკოს“ ძალიან უჭირს ამ ყველაფრის გააზრება.
შენს კლასელებს, მეგობრებს და მასწავლებლებს – ვუსამძიმრებ მათ, ყველას ძალიან უჭირს დღეს შენს გამო“, – წერს ხათო ბადირეიშვილი.
😭 გული საშინლაად მრტკივა, ურთულესია მოსწავლის გარდაცვალების გააზრება. ვზივარ და ვფიქრობ, რამდენი…
Posted by Xato Badireishvili on შაბათი, 31 ოქტომბერი, 2020
მოსწავლის დაღუპვას გულისტკივილით კიდევ ერთი პედაგოგი ეხმაურება:
„ზუსტად ერთი წლის წინ, რამდენად ბედნიერები ვყოფილვართ ერთად. ასე მითხრა, მასწიკო, სულ მინდოდა მასწავლებლები ფერიები ყოფილიყვნენ და ესეც ამისრულდაო. უამრავი ოცნება, სურვილი დარჩა… ჩემო ქეთი, ჩემო ფერია გოგო, ჩვენო ანგელოზო. კორონა! დიახ კორონა! ბაბუა და შვილიშვილი ერთდროულად. დაიცავით ეს ოხერი წესებიიიიიიიიი, დაიცავით“, – წერს ანა კინწურაშვილი.
ambebi.ge-ს ინფორმაციით, რომელსაც გამოცემა გოგონას ახლობელზე დაყრდნობით ავრცელებს, ქეთის აგვისტოში 38 წლის ბიძა გარდაეცვალა, სექტემბერში ორმოცი ჰქონდათ და სწორედ იქ დაინფიცირდნენ გოგონა, მისი მშობლები და ბებია-ბაბუა. მშობლები და ბებია გამოჯანმრთელდნენ, ბაბუა გარდაიცვალა.
მოზარდის მდგომარეობა ძალიან მალე დამძიმდა, ბოლო ორი კვირა იგი აპარატზე იყო შეერთებული. ექიმების მცდელობის მიუხედავად გოგონას გადარჩენა, სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა.
კომენტარები