საფრანგეთის ქალაქ ლიონის ცენტრში ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პოლიციის ცნობით, მღვდელი საბერძნეთის მოქალაქეა.
„როიტერის“ ინფორმაციით, მღვდელი ეკლესიას ხურავდა, როდესაც თავდამსხმელი მიუახლოვდა და ორჯერ ესროლა. პოლიციის ცნობით თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.
დაჭრილი სასულიერო პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მღვდელს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები აქვს მიყენებული.
„ლე ფიგაროს“ ცნობით, შემთხვევა შაბათს, 31 ოქტომბერს დღის 4 საათზე მოხდა ლიონის ჟან-მასეს რაიონში (ქალაქის მე-7 ოლქი), წმინდა ხარების ეკლესიის შესასვლელთან. ბერძენი მღვდელი ნიკოლას კ. 52 წლისაა, 3 შვილი ჰყავს. იგი მუცლის არეშია დაჭრილი. ლიონის მერის ინფორმაციით, მას ოპერაცია უტარდება.
გამოცემის ცნობით, მღვდელს მალე უნდა დაეტოვებინა საფრანგეთი და საბერძნეთში დაბრუნებულიყო.
საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავდასხმა შესაძლოა ისლამისტმა რადიკალმა განახორციელა.
საფრანგეთის ქალაქ ლიონში მომხდარ დღევანდელ ინციდენტამდე ორი დღით ადრე, 29 ოქტომბერს დანით შეიარაღებულმა 21 წლის ტუნისელმა ისლამისტმა ქალაქ ნიცის ნოტრ-დამის ბაზილიკაში მოკლა სასულიერო პირი და ასაკოვანი ქალი, რომელსაც თავი მოჰკვეთა, კიდევ ერთი ქალი კი ტაძრის გარეთ მოკლა. თავდამსხმელი დაკავებულია. ამ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ და დღეს კიდევ 2 ადამიანი დააკავეს.
ნიცაში მომხდარი დანაშაულებიდან ორ საათში საფრანგეთის ქალაქ ავინიონში დანით შეიარაღებულმა კაცმა პოლიციელებზე თავდასხმა სცადა. პოლიციელებმა ადგილზევე მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.
16 ოქტომბერს პარიზის გარეუბანში დანით შეიარაღებულმა18 წლის ჩეჩენმა ტერორისტმა სკოლის მასწავლებელს, 47 წლის სამუელ პატის თავი მოჰკვეთა. დამნაშავე საპოლიციო ოპერაციისას მოკლეს.
საფრანგეთში ტერორისტული საფრთხის მაქსიმალური დონეა გამოცხადებული. განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება ეკლესიები.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები