საფრანგეთი კომენდანტის საათის შემოღებიდან ორი კვირის თავზე კოვიდ-19-ის აგრესიული გავრცელების შესაჩერებლად ახალი შემზღუდავი ზომების დაწესებას აპირებს. ამის თაობაზე რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს საღამოს, 20:00 საათზე (პარიზის დროით) კიდევ ერთხელ მიმართავს ტელევიზიით საფრანგეთის მოსახლეობას.
ახალ ზომებზე მსჯელობის მიზნით ბოლო 2 დღის განმავლობაში მაკრონმა 2-ჯერ მოიწვია ელისეს სასახლეში უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის და 10-მდე მინისტრის მონაწილეობით.
„ლე პარიზიენის“ ინფორმაციით, მთავრობა ორ მთავარ სცენარს განიხილავს: კომენდანტის საათის გაგრძელებას და გამოსასვლელ დღეებში დაწესებულებების დაკეტვას ან ქვეყნის 4-კვირიან ლოქდაუნს, თუმცა უფრო მოქნილს, ვიდრე ეს გაზაფხულზე იყო.
გუშინ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საფრანგეთის შს მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა France Inter-ის ეთერში განაცხადა, რომ „მძიმე გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ“.
.@GDarmanin sur les décisions à venir : “Il faut s’attendre à des décisions difficiles” #le79Inter pic.twitter.com/xCOUm1LdjV
— France Inter (@franceinter) October 27, 2020
საფრანგეთი ერთ-ერთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია ყველაზე სწრაფად ვრცელდება, რის გამოც საავადმყოფოები დიდ დატვირთვას განიცდიან.
27 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 527 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, რაც 22 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მათგან 235 – ე. წ. მზრუნველობის სახლებში.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირება 33 417 ადამიანს დაუდასტურდა. წინა დღით კი ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა – 52 010 შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა ქვეყანაში უკვე მილიონ 200 ათასს აღწევს, გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა კი – 35 541-ს.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები