„შეგიძლიათ დამაკავოთ, მაგრამ არ დავკეტავ“ – პეზაროში პოლიციამ რესტორანში ჩხრეკა ჩაატარა (ვიდეო)
იტალიის პრემიერ-მინისტრის ახალი დეკრეტის წინააღმდეგ საპროტესტო ვახშამში 90 ადამიანი მონაწილეობდა
26 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 9-ის ნახევარზე პოლიცია პეზაროში (პეზაროს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი, მარკეს რეგიონი) ერთ-ერთ რესტორანში შევიდა ჩხრეკისთვის, სადაც სოციალური ქსელების დახმარებით შეკრებილი 90 ადამიანი პრემიერ-მინისტრის ბოლო დადგენილების საწინააღმდეგოდ მოწყობილ საპროტესტო ვახშამში მონაწილეობდა. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
როგორც ცნობილია, ახალი DPCM ითვალისწინებს ბარების და რესტორნების 18:00 სთ-ზე დაკეტვას კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით.
პოლიციის მისვლისას რესტორნის მეპატრონე შეეცადა, სამართალდამცველები შენობაში არ შეეშვა, მაგრამ პოლიციის აგენტები რესტორანში გვერდითა კარებიდან შევიდნენ. პარალელურად, შიგნით მყოფი ადამიანები განაგრძობდნენ პიცის ჭამას და შეძახილებს: „შემოგვიერთდით!“
„შეგიძლიათ დამაკავოთ, – ყვიროდა რესტორნის მმართველი , – მაგრამ არ დავკეტავ [რესტორანს]“.
პოლიციის რეიდს ადამიანები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს სოციალურ ქსელში ადგილობრივი ტელეკომპანიის გვერდზე და კერძო პროფილებზე.
ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე პეზაროში ასობით ადამიანი, ბარების თანამშრომლები და მფლობელები, პიაცა დელ პოპოლოზე შეიკრიბა პრეფექტურის მიერ სანქცირებულ აქციაზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ახალი ზომების გასაპროტესტებლად, რომლებიც ჯუზეპე კონტეს ახალი დეკრეტით განისაზღვრა. როგორც ცნობილია, დეკრეტი გუშინ, 26 ოქტომბერს შევიდა ძალაში და 24 ნოემბრამდე იმოქმედებს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები