იტალია: ჩამოტვირთეთ თვითსერტიფიკატის ბლანკი, თუ კომენდანტის საათის დროს სახლიდან გადიხართ
მისი შევსება ადგილზეც შეგიძლიათ, თუ პოლიცია გაგაჩერებთ
იმისათვის, რომ კომენდანტის საათის დროს სახლიდან გამოსვლის შესაძლებლობა გქონდეთ იტალიის შემდეგ რეგიონებში – ლომბარდია, კამპანია, ლაციო, პიემონტი, კალაბრია – და ავტონომიურ ოლქ ალტო ადიჯეში, თვითსერტიფიკატის ბლანკი უნდა შეავსოთ, რომლითაც თქვენი სახლიდან გამოსვლის გადაუდებელ აუცილებლობას დაადასტურებთ.
ბლანკი შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სახლიდან გამოსვლის წინ და ადგილზე შეავსოთ, თუ პოლიცია გაგაჩერებთ.
ლომბარდიაში 13 ნოემბრამდე მოქმედებს კომენდანტის საათი, 23:00-იდან – 5:00 სთ-მდე. დროის ამ მონაკვეთში სახლიდან გამოსვლა ნებადართულია მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობის, საგანგებო ან სასწრაფო სიტუაციების გამო, აგრეთვე, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზნებით.
ლაციოში კომენდანტის საათის რეჟიმი 23 ოქტომბერს დაიწყო 24:00 საათზე და აკრძალულია ქუჩაში გადაადგილება ღამის საათებში, 24:00 სთ-იდან დილის 5 საათამდე. მხოლოდ იმ შემთხვევებში შეგიძლიათ სახლიდან გამოსვლა, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ.
პიემონტში კომენდანტის საათი 26 ოქტომბერს იწყება 23:00 საათზე ადგილობრივი დროით და 23:00 საათიდან დილის 5 საათამდე აკრძალულია ქუჩაში გამოსვლა, ზემოაღნიშნული გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რომელიც თვითსერტიფიკატში უნდა მიუთითოთ.
კამპანიაში კომენდანტის საათი 23 ოქტომბერს დაიწყო (23:00 – 05:00) და, სულ ცოტა, 13 ნოემბრამდე იქნება ძალაში.
კალაბრიაში კომენდანტის საათის რეჟიმი შაბათს, 24 ოქტომბერს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. აუცილებელი ან სამსახურებრივი საჭიროების გარეშე ქუჩში გადადგილება აკრძალულია 24:00 სთ-იდან 05:00 სთ-მდე.
26 ოქტომბრიდან კომენდანტის საათი ძალაშია, აგრეთვე, ავტონომიურ პროვინცია ალტო ადიჯეში (სამხრეთ ტიროლი), სადაც ნაციონალურ დონეზე მიღებული შეზღუდვებისგან განსხვავებული წესები მოქმედებს: თუ დანარჩენ იტალიაში ბარები, რესტორნები და კვების სხვა ობიექტები 18:00 სთ-ზე იკეტება და შემდეგ უკვე შეუძლიათ მხოლოდ გატანებით გაყიდონ საკვები, სამხრეთ ტიროლში ბარები უნდა დაიკეტოს 20:00 სთ-ზე, ხოლო რესტორნები – 22:00 სთ-ზე, თუმცა 18:00 საათიდან ისინი კლიენტებს მხოლოდ მაგიდასთან უნდა მოემსახურონ. როგორც ცნობილია, ახალი დეკრეტით, რომელიც 26 ოქტომბერს შევიდა ძალაში, მაგიდასთან ადრე დაშვებული მაქსიმუმ 6-ის ნაცვლად ახლა მაქსიმუმ 4 კაცი შეიძლება იჯდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტები ერთად მცხოვრები, ერთი ოჯახის წევრები არიან.
აგრეთვე, ალტო ადიჯეში დისტანციური სწავლება მინიმუმ 50%-ით უნდა განხორციელდეს, განსხვავებით სხვა რეგიონებისგან, სადაც მინიმუმ 75%-იანი დისტანციური სწავლების მოთხოვნაა (100%-მდე, რის გადაწყვეტის უფლებამოსილებასაც, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სკოლის ხელმძღვანელობას აძლევენ).
სამხრეთ ტიროლში, იტალიის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, არ იკეტება თეატრები და კინოდარბაზები, თუმცა მაქსიმალური დატვირთვა 200 კაცს არ უნდა აღემატებოდეს.
თვითსერტიფიკატის ბლანკი შეგიძლით აქედან ჩამოტვირთოთ:
როგორც ცნობილია, 26 ოქტომბრიდან იტალიაში ძალაში შევიდა ახალი დეკრეტი კორონავირუსის საწინააღმდეგო შემზღუდავი ზომების შესახებ, რომლის მოქმედება 24 ნოემბრამდე გაგრძელდება. დადგენილების თანახმად, დაიკეტა კინოთეატრები, თეატრები, სპორტდარბაზები, საცურაო აუზები. ბარები, რესტორნები, კაფე-სანაყინეები, საკონდიტროები და კვების სხვა ობიექტები 18:00 სთ-ზე იკეტება და შემდეგ უკვე შეუძლიათ თავიანთი პროდუქცია გატანებით გაყიდონ. ეს არ ეხება გზისპირა კვების ობიექტებს.
დეკრეტის საბოლოო ტექსტში არ მოხვდა საზკვების ობიეტების მთლიანად დაკეტვა კვირაობით და სადღესასწაულო დღეებში. ამ წინადადებამ მთავრობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
აგრეთვე, არ იზღუდება რეგიონებს შორის გადაადგილება, თუმცა მთავრობის „დაბეჯითებითი რეკომენდაციაა“, მოქალაქეებმა აუცილებელი საჭიროების გარეშე თავი შეიკავონ სხვა რეგიონებში გადაადგილებისგან როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ისე კერძო საავტომობილო საშუალებებით.
ნინო ხოშტარია
კომენტარები