ჯანმრთელობარჩევებისაქართველო

როგორ ვმართოთ ბინაზე კოვიდ-19 – სპეციალისტთა რეკომენდაციები

საქართველოში გასულ 24 საათში გარდაცვლილი 14 კოვიდპაციენტიდან ერთი 30 წლამდეა

მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა, საქართველოს მთავრობამ ე.წ. უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების ბინაზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის მათი რაოდენობა 3 000-ზე მეტია.

პროტოკოლის მიხედვით, ბინაზე დარჩენილებმა 112-ს უნდა მიმართონ, რომელიც ოჯახის ექიმთან გადაამისამართებს. სწორედ ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციით უნდა იმკურნალოს/მართოს დაავადება ინფიცირებულმა, თუმცა ბოლო დროს ხშირად გვესმის იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც არათუ ექიმთან, არამედ 112-თან დაკავშირებაც რთულდება, ოჯახის ექიმი კი რამდენიმე დღის შემდეგ უკავშირდება ინფიცირებულს. მართალია, ქართველი ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს ცალკეული შემთხვევებია, თუმცა აღმოჩნდა, რომ სირთულეების გამო პაციენტები თვითმკურნალობას ხშირად მიმართავენ.

გაეცანით ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს, როგორ უნდა ვმართოთ სახლში დაავადება Covid-19.

ბინაზე დარჩენილ უსიმპტომო პაციენტებთან მთავარი პრობლემა თრომბოემბოლიური გართულებებია. კორონავირუსთან ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ამის გამო იგეგმება, რომ უსიმპტომო პაციენტებს, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, სისხლის საერთო და D-დიმერის ანალიზი ჩაუტარდეთ. მისივე თქმით, ბინაზე დარჩენილებს სპეციალური Covid-მკურნალობა არ ესაჭიროებათ. D-დიმერი არის სისხლის ანალიზი, რომელიც უჩვენებს თრომბოემბოლიური გართულების რისკს. სწორედ ამ გართულებით გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტი – 41 წლის ქალი, რომელიც კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს, რომ „მსუბუქ ავადმყოფს აბსოლუტურად არ სჭირდება არანაირი მკურნალობა, უნდა იყოს მოსვენებული, უნდა იაროს, ბევრი სითხე მიიღოს და მორჩა, ეს არის მისი მკურნალობა. მეტი არაფერი სჭირდება მსუბუქ ავადმყოფს“.

გარდა ამისა, ქართველმა ექიმებმა ზურაბ გურულმა და ნანა გეგეჭკორმა, რომლებიც აშშ-ის კლინიკებში მუშაობენ, კოვიდის ბინაზე მართვის რეკომენდაციები გაავრცელეს.

როგორ ვიქცევით თუ Covid-ინფექცია დაგვიდასტურდა

ექიმი ნანა გეგეჭკორიც განმარტავს, რომ თუ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, პაციენტს სპეციალური მკურნალობა არ სჭირდება. მისი და ზურაბ გურულის რჩევებით:

  • აუცილებელია იზოლაცია მინიმუმ 10 დღით და სიმპტომატური მკურნალობა – სიცხის დამწევი, ტკივილდამაყუჩებელი, საკმარისი რაოდენობით ნებისმიერი სითხე.
  • სიმპტომების მონიტორინგი – დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ სიცხე. ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. ყველაზე მარტივია ბუშტის გაბერვა დღეში რამდენჯერმე. ეს აქტუალურია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების დაზიანება აქვს.
  • იმოძრავეთ, რამდენსაც შეძლებთ. მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან. თუ ოთახში სიარულს ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე.
  • იძინეთ საკმარისად, ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში.
  • ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად – ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვებით.
  • ყურადღებით დააკვირდით თქვენს ზოგად მდგომარეობას. თუ ხვდებით, რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში?

  • უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას;
  • გონების დაბინდვა;
  • მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას;
  • გამოხატული სუნთქვის უკმარისობა.

როგორ შევაფასოთ სუნთქვის უკმარისობა?

  • ჩვეულებრივი აქტივობები ხდება უჩვეულოდ შეუძლებელი;
  • სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ (სუნთქვის სიხშირე მოზრდილებში ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში);
  • ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას;
  • ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია ნომალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ სატურაცია <92%-ზე, ოთახის ჰაერზე ყოფნისას, პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია;
  • პროდუქტიული ხველა, იგულისხმება დიდი რაოდენობით ნახველი, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს;
  • უჩვეულო ტაქიკარდია (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას;
  • ქოშინი მინიმალური დატვირთვისას;
  • ტკივილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში;
  • საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ იღებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო;
  • დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს;
  • ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება (ასეთ შემთხვევაში ღრუ ვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს).

მედიკამენტოზური მკურნალობა:

ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის რჩევებით, არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებს ანტიკოაგულაცია ან ანტიტრომბოციტული მკურნალობა არ სჭირდებათ. აქ იგულისხმება ასპირინი (იგივე კარდიომაგნილი), აპიქსაბანი, ქსარელტო, კუმადინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (სავარადუდო დასახელებებია კლექსანი, ლოვენოქსი, ენოქსიპარინი, ფონდაპარინუქსი…).

„ნუ მიიღებთ ამ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე. ასე შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოთ, რაც ისედაც ურთულეს კოვიდ ინფექციის კლინიკურ კურსს განსაკუთრებით დაამძიმებს. არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, შინაგანი ორგანოების სისხლდენები, განსაკუთრებით ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის სისხლდენა. ეს პრეპარატები განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც სპეციფიკური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება.

ასევე, არ სჭირდებათ სტეროიდები, ე. წ. დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი. გასაგებია, რომ მომხიბლველად ჟღერს მათი სარგებლიანობა კოვიდ ინფექციის მართვაში, მაგრამ გაითვალისწინეთ, დადებითი შედეგი ამ პრეპარატებით მიღებული იყო მხოლოდ მძიმე, ჰოსპიტალიზებულ, ჟანგბადზე დამოკიდებულ პაციენტებზე. ცივილიზებულ ქვეყნებში ისინი არ გამოიყენება მსუბუქი დაავადების სამართავად. მეტიც, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ სტეროიდების ნაადრევმა, არამიზნობრივმა გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა. ასევე გაითვალისწინეთ, სტეროიდების არამიზნობრივმა და არასწორი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის განვითარებას“, – ნათქვამია ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის მიერ შედგენილ რეკომენდაციებში.

მათივე რჩევებით, ინფიცირებულმა არ უნდა მიიღოს ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე. კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია, ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკები გავლენას ვერ ახდენენ. ანტიბიოტიკი საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდდაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით.

„მთავარია, არ შეგეშინდეთ, პანიკამ არ მოგიცვათ და მედიკამენტების არამიზნობრივი გამოყენებით თუ სამედიცინო დაწესებულებების არასაჭირო ვიზიტით მდგომარეობა არ გაიუარესოთ. თუ არ განეკუთვენებით მაღალი რისკის ჯგუფს, ტესტირება ან ექიმთან ვიზიტი მსუბუქად მიმდინარე დაავადებისთვის აუცილებელი არ არის“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს თავიდანვე მეტი ყურადღება სჭირდებათ. მათ პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. შესაძლებელია მათი ადრეული ჰოსპიტალიზაციაც მიზანშეწონილი იყოს, რადგან მაღალი რისკის პაციენტებს, რომელთაც დაავადების შედარებით მძიმე ფორმა აღენიშნებათ, დინამიკაში ყურადღებით დაკვირვებას სჭირდებათ.

რისკის კრიტერიუმებია:

  • ასაკი >65 წელზე
  • მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარები
  • იმუნოკომპრომეტირებული მდგომარეობები, როგორიცაა: შიდსი, სტეროიდებით ქრონიკული თერაპია, თანდაყოლილი იმონოდეფიციტები
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზი
  • კარდიოვასკულარული დაავადებები, ჰიპერტენზია განსაკუთრებით
  • ონკოლოგიური დაავადებები
  • სიმსუქნე
  • დიაბეტი
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა
  • ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები
  • ნევროლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით დემენცია
  • სისხლის დაავადებები, როგორიცაა: თალასემია, ნამგლისებური ანემია

ვინ უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს?

  • პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ დაავადების სწრაფი და დრამატული პროგრესირება;
  • პაციენტებმა, რომელთაც თავიდანვე აღენიშნებათ საშუალო სიმძიმის სუნთქვის უკმარისობა ან მენტალური სტატუსის საგრძნობი ცვლილება;
  • პაციენტებმა, რომელთა სისხლში ჟანგბადის შემცველობა თავიდანვე არ აღემატება 94%-ს.

ვინ უნდა მიმართოს გადაუდებელი დახმარების ცენტრებს?

  • პაციენტებმა სუნთქვის მძიმე უკმარისობით (მკვეთრად გაზრდილი სუნთქვის სიხშირე და მძიმე, ზედაპირული სუნთქვა);
  • ლეთარგია, ძილად მიგდება, გონების სრული დაბინდვა;
  • გამოხატული მწვავე კორონარული ან გულის უკმარისობა თუნდაც მსუბუქი კოვიდინფექციის მიმდინარეობისას.

წყარო: tabula.ge

21 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული (გასულ 24 საათში 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა); გარდაიცვალა 172 პაციენტი (+14 გასულ ერთ დღეში), გამოჯანმრთელდა 9003 ადამიანი (+337). ქვეყანაში Covid 19-ის 12 033 აქტიური შემთხვევაა. 340-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 75 ადამიანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გასულ 24 საათში გარდაცვლილი ინფიცირებული 14 პაციენტიდან ერთი 30 წელზე ნაკლები ასაკისაა. ჯერჯერობით ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალები არ ვრცელდება.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close