იტალიასაზოგადოება

იტალია: ტესტირებების და ინფიცირების შემთხვევების ახალი რეკორდი

მილანში RT-მ 2-ს გადააჭარბა, კამპანიაში სკოლები დაიკეტა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს საღამოს გავრცელებული ახალი ბიულეტენის თანახმად, იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი „აბსოლუტური რეკორდი“ დაფიქსირდა – 8804 ახალი შემთხვევა (გუშინ – 7332). აღსანიშნავია, რომ რეკორდული იყო ჩატარებული ტესტირებების რაოდენობაც – 163 000 (გუშინ – 156 ათასზე მეტი). ამის შესახებ „ანსა“ წერს.

ბოლო ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა 83-ით გაიზარდა (წინა დღეს – 43-ით).

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში კიდევ 47 მძიმე პაციენტი მოათავსეს და მათმა საერთო რიცხვმა 586-ს მიაღწია, ჩვეულებრივ პალატებში მოთავსებული კოვიდინფიცირებულების რაოდენობა 326-ით გაიზარდა და ამჟამად 5796-ს შეადგენს. შინაიზოლაციაში იმყოფება 92 884 ინფიცირებული უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით (6448-ით მეტი, ვიდრე გუშინ).

მილანის საკოსა და ფატებენეფრატელის საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებების გადაწყვეტილებით, ისინი მხოლოდ Covid-19-ით დაავადებულ პაციენტებს მიიღებენ, სხვა პათოლოგიის მქონე პაციენტებს კი მილანის სხვა კლინიკებში გადაამისამართებენ.

გასულ 24 საათში რეგიონებს შორის ყველაზე მეტი, 2067 შემთხვევა ლომბარდიაში დაფიქსირდა (მილანში ინფიცირების ინდექსმა RT-მ ბოლო კვირის მონაცემებით 2-ს გადააჭარბა, მაშინ როდესაც რომში იგივე მაჩვენებელი 1,1-ია). მას მოსდევენ კამპანია – 1127 და პიემონტი – 1033; შემდეგ – ვენეტო – 600, ლაციო – 594, ტოსკანა – 581.

აღსანიშნავია, რომ კამპანიის რეგიონის კრიზისის მართვის განყოფილების ინფორმაციით, გასულ 24 საათში რეგიონში გამოვლენილი 1127 შემთხვევიდან 72 პაციენტთან კოვიდ-19-ის სიმპტომები გამოკვეთილია, 1055 შემთხვევა კი უსიმპტომოა. რეგიონის პრეზიდენტი ვინჩენცო დე ლუკა რამდენიმე დღის წინაც აცხადებდა, რომ კამპანიაში ბოლო პერიოდში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 90-95 პროცენტი უსიმპტომოა.

ამ დროისთვის პრეზიდენტი დე ლუკა ექსპერტებთან ერთად მუშაობს დამატებითი შეზღუდვების შემოღებაზე – მოგეხსენებათ, რეგიონებს უფლება აქვთ, დამატებითი შეზღუდვები შემოიღონ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, თუმცა მათ არ შეუძლით ეროვნულ დონეზე მიღებული შეზღუდვების შემსუბუქება. ცხადია, საუბარი არ არის კამპანიის რეგიონის სრულ ლოქდაუნზე, თუმცა შეზღუდვები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სოციალურ ცხოვრებას.

ვალე დ’აოსტას 3 მუნიციპალიტეტს რეგიონის პრეზიდენტი ენცო ტესტოლინი რამდენიმე საათში „წითელ ზონად“ გამოაცხადებს. ამის შესახებ „ანსა“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება შეეხება სენ-დენის, შამბავეს და ვერეის (Saint-Denis, Chambave, Verrayes) – ამ მუნიციპალიტეტებში ინფიცირების ინდექსი Rt კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს აღემატება.

გუშინ, 14 სექტემბერს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მორიგ შეკითხვაზე, გააჩერებს თუ არა იტალიის მთავრობა კიდევ ერთხელ ქვეყნის ეკონომიკას პანდემიის გამო, უპასუხა, რომ ხელისუფლება არ აპირებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა შესაძლებელია მკაცრი ზომები რეგიონებმა ძალიან ზუსტი წერტილოვანი სქემით მიიღონ კონკრეტულ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, ინფექციის გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close