კინო/ფილმებიჩვენი ფავორიტი

„მზე შემოდგომისა“ – რატომ არის განსაკუთრებით ფასეული ფილმი, რომლის სცენარი სპეციალურად მედეა ჯაფარიძისთვის დაიწერა

„მზე შემოდგომისა“ რეჟისორ თემურ ფალავანდიშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია. რეზო თაბუკაშვილმა სცენარი სპეციალურად მედეა ჯაფარიძისთვის დაწერა, თავად კი, ფაქტობრივად, სცენარის მთავარი გმირის, მხატვარ ვახტანგის (მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი) პროტოტიპია.

„თუ დამიჯერებ, მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე 20 წლის წინათ“, – ამ სიტყვების ადრესატი მისი საყვარელი ქალია ფილმშიც და ცხოვრებაშიც, მედეა ჯაფარიძე. მათი სიყვარული მათივე სიცოცხლეში ლეგენდად იქცა.

ამ ფილმში ქალბატონი მედეა პირველად გამოჩნდა თითქმის ოცდახუთწლიანი პაუზის შემდეგ და თავისი სათნოებით კიდევ ერთხელ დაიპყრო მაყურებლის გული. სურათი განსაკუთრებით ძვირფასია იმით, რომ შთამომავლობას შემოუნახა დიდი ქართველი მხატვრების – ელენე ახვლედიანისა და ლადო გუდიაშვილის ცოცხალი სახეები.

 აი, რა გვიამბო ფილმის რეჟისორმა თემურ ფალავანდიშვილმა:

„მოგეხსენებათ, ფილმის სცენარი ბატონ რეზო თაბუკაშვილს ეკუთვნის. ჩვენ ძალიან ახლო ნათესაობა გვაკავშირებდა – დედაჩემი და ბატონი რეზო დეიდაშვილები იყვნენ და, შეიძლება ითქვას, ჩემი ბავშვობის გარკვეული ნაწილი თაბუკაშვილებთან მაქვს გატარებული, რადგან მაშინდელ კიროვის ქუჩაზე, თითქმის გვერდიგვერდ (სულ ორი სახლი გვყოფდა ერთმანეთისგან) ვცხოვრობდით და ხშირად, როდესაც დედას არ ეცალა, მათთან მტოვებდა ხოლმე.

ქალბატონი მედეა, ფაქტობრივად, ბავშვობიდან მახსოვს. ლაშა და ჩემი და, ქეთი, თითქმის ტოლები არიან და ლაშა, როგორც წესი, ყოველთვის მოდიოდა ქეთის დაბადების დღეზე. ბავშვები რომ შეიკრიბებოდნენ, მე და ჩემი უფროსი ძმა, რადგან მათზე ოთხი-ხუთი წლით დიდები ვიყავით, ვართობდით ხოლმე. მახსოვს, ქეთის ერთ-ერთ დაბადების დღეზე ლაშა ვიღაც ბუთხუზა ბიჭს ეჭიდავებოდა. თავიდან, რომ დაინტერესებულიყო, ლაშას ვუთხარი: შენ ხარ ქართველი, ბუთხუზა ბიჭს კი – შენ ხარ თათარი და აბა, ვინ მოიგებს-მეთქი. ცოტა ხანში ბუთხუზა ბიჭმა ლაშა წააქცია. მოხდა საოცრება: ლაშა წამოჭარხლებული წამოხტა  ფეხზე და – შენ ქართველი და მე – თათარიო! – უთხრა იმ ბიჭს. წარმოგიდგენიათ, როგორ ოჯახში იზრდებოდა ლაშა?! საუბარი ცოტა შორიდან დავიწყე, მაგრამ, ვფიქრობ, ეს დეტალი საკმაოდ ზუსტად ახასიათებს ბატონ რეზოს და ქალბატონ მედეს. ამ ფილმის არსებობა ხომ მათი და მათი მსგავსი ადამიანების დამსახურებაა…

მით უმეტეს, რომ მაყურებელი ფილმის გმირს – ეკას ულაპარაკოდ აიგივებს ამ როლის შემსრულებელ მსახიობთან – ქალბატონ მედეა ჯაფარიძესთან… როგორც თქვით, სცენარი სპეციალურად მისთვის დაიწერა… ეკას სახე მართლაც ზუსტად იმეორებდა ქალბატონ მედეას თითქმის ყველა პიროვნულ თვისებას. თუ იცით, საიდან გაუჩნდა სცენარის იდეა ბატონ რეზოს?

ალბათ ცხოვრებისეული მომენტი იყო, მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია, რადგან ძნელია ავტორის სულში ჩახედვა და მიხვედრა, რა ასაზრდოებდა მას ამ დროს. თავიდან, როდესაც რეზომ სცენარი შინ გამატანა, სიტყვაც კი არ უთქვამს, მაგრამ წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ მომავალი ფილმის გმირი ქალბტონი მედეას ზუსტი ასლი იყო თავისი შინაგანი ბუნებით, საოცარი ერთგულებით, სილამაზით, ტემპერამენტით, ყოველგვარი მანკიერებისადმი შეურიგებლობით, ოჯახისადმი თავდადებით, შემოქმედებისადმი უდიდესი თაყვანისცემით და, ბუნებრივია, აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს როლი ვინმე სხვას ეთამაშა. „ქეთო და კოტეს“ შემდეგ ქალბატონი მედეა, ფაქტობრივად, ეკრანზე არ გამოჩენილა. შეიძლება ითქვას, მთელი 25-წლიანი პაუზის შემდეგ ეს ფილმი იყო მისი ეკრანზე დაბრუნების მაუწყებელი.

მსახიობების გალერეა ბატონმა რეზომ თვითონ შეარჩია?

მთლად ასე არ იყო, მაგრამ ყველა მათგანი მისი საყვარელი ადამიანი იყო, ისინი, ვისაც ენდობოდა. კახის და თამარ ციციშვილის გარდა, ყველა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. იცით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ფილმის გადაღების დროს ერთგვარი ოჯახური გარემო იქმნება.

ასეთი გარემო ნამდვილად იყო შექმნილი ამ ფილმზე მუშაობისას. დღეს ისეთი სახეები, სანთლით რომ ეძებო, შეიძლება ვერსად იპოვო.

სხვათა შორის, ბატონმა რეზომ შემომთავაზა, ერთი ეპიზოდი ელენე ახვლედიანის სახელოსნოში გადავიღოთო. ვაიმე, როგორ შევაწუხოთ-მეთქი, ვთქვი, ისე მეუხერხულებოდა მისი შეწუხება. გადაღების პროცესი ძალიან რთულია, თანაც მეშინოდა, სურათები არ დაზიანებულიყო. არადა, ასლები რომ გაგვეკეთებინა, კინოში შეიძლება მიმსგავსებულიყო, მაგრამ ამდენი ასლის დამზადება ძალიან ძვირი დაჯდებოდა. გარდა ამისა, უხერხული იქნებოდა კინოსტუდიაში მიგვეწვია ლადო გუდიაშვილი, ჯანო ბაგრატიონი, ქალბატონი ელენე…

სწორედ ამის შესახებ მინდოდა მეკითხა: როგორ მოახერხეთ მათი გადაღება? ფაქტობრივად, თქვენ ხომ ამ ფილმით უნიკალური კადრები შემოუნახეთ საქართველოს – თუნდაც, ლადო გუდიაშვილის ცეკვა ავიღოთ.

ეს მართლაც სენსაციაა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ლადო არაჩვეულებრივი მოცეკვავე იყო, სხვების დასანახად არასოდეს ცეკვავდა.

რეზომ სთხოვა ქალბატონ ელენეს. მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. პირიქით, გაუხარდა კიდეც. ფილმის მთავარი გმირის, ვახტანგის მიერ დახატული სურათები სინამდვილეში მას ეკუთვნის. აქ შეუძლებელია არ აღვნიშნო ფილმის ოპერატორის, ლომერ ახვლედიანის საოცარი ოსტატობა. მაშინ „კოდაკის“ ფირი არ არსებობდა, რომლითაც ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გადაღება, საბჭოთა ფირს კი დიდი განათება სჭირდებოდა. სახელოსნოში ტექნიკის შეტანა გამორიცხული იყო. ლომერმა მოიფიქრა, ჭერზე ფოტონათურების მინიმალური რაოდენობა ჩამოკიდა და ამ ფოტონათურებით გადაიღო მეტრაჟით საკმაოდ რთული სცენა – 20-30 კაცი კადრში. ლომერმა ძალიან გაგვიადვილა მუშაობა.

ასევე, ფანტასტიკური იყო მისი გადაღებული სცენა თონეში. თბილისში ახლა კი ბევრია შეშის თონეები (გაჭირვებულმა ცხოვრებამ მოიტანა), მაგრამ მაშინ ძლივს აღმოვაჩინეთ ერთი შეშის თონე ვორონცოვზე: ბნელი, რაღაც გაუბედურებული, პატარა ოთახი იყო, მაგრამ ლომერმა აქაც შეძლო პრობლემის მოგვარება და ნაღდ თონეში შევძელით იმ ეპიზოდის გადაღება, სადაც პაპუნა ოქრომჭედელს, რომელიც დარაჯად მუშაობს იქ, ნაჩხუბარი ვახტანგი (ოთარ მეღვინეთუხუცესი) სულის მოსათქმელად მიყავს.

მედეას უნდოდა, რომ ფილმში ისეთი ხალხი გადაგვეღო, რაც შეიძლება მეტად რომ წარმოჩენილიყო თბილისისა და თბილისელების ხიბლი. თუ გახსოვთ ის სცენა, როცა რესტორანში, მოხუცი ოქრომჭედლის ქელეხის სუფრაზე ფილმის გმირს, ეკას ავადმყოფი ქმარი მიაკითხავს, იქ კი დამკვრელები მიცვალებულის შესანდობარს სვამენ. ამ ეპიზოდში სათამაშოდ ბატონი ვასო გოძიაშვილი მოვიწვიეთ, რომელიც ამ დროს ერთ-ერთ თავის სიმღერას მთლიანად ასრულებდა. ათი-თორმეტწუთიანი სიმღერა იყო, ძალიან უხდებოდა ქელეხის განწყობასაც და რესტორნის გარემოსაც, მაგრამ შემდეგ ეს სიმღერა ფილმში არ შევიდა, რადგან ცალკე საკონცერტო ნომერივით იყო და ძალიან არაბუნებრივი მოჩანდა ფილმის ერთიან ქსოვილში. ჩვენც გადავწყვიტეთ, უარი გვეთქვა მასზე.

მოგვიანებით, როდესაც ფილმი დასრულდა და ეს მასალა მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ სადღაც გამქრალიყო, არადა, მართლა ფანტასტიკური ჩანაწერი გამოგვივიდა. საქმე ისაა, რომ მაშინ, ახალგაზრდობის გამო, ვერ ვგრძნობდით, რა ახლოსაა სიკვდილის სუნთქვა და გვეგონა, ეს ადამიანები მუდამ ჩვენ გვერდით იქნებოდნენ… ის კი არა, ბატონი ლადო გუდიაშვილის ცეკვის მხოლოდ და მხოლოდ ის მონაკვეთი გადავიღეთ, რაც ფილმშია შესული – არცერთი მეტრით მეტი, რადგან მერიდებოდა, ბატონ ლადოს იმაზე მეტი ეცეკვა, რაც ფილმს სჭირდებოდა. გადაიღე რა 10-15 წუთით მეტი და შეინახე! – არ გავაკეთე, რადგან როცა ახალგაზრდა ხარ, ვერ გრძნობ, რომ წუთისოფელი მართლა წუთისოფელია.

საერთოდ, ბატონი ლადო კარგად ცეკვავდა. ფილმში „ქეთო და კოტე“ გიორგი შავგულიძეს კინტაურის ილეთები მან ასწავლა. ხელის მოძრაობის ცნობილი ილეთი, ფაქტობრივად, დაკარგული იყო და მისი დამსახურებით აღდგა.

სხვათა შორის, ბატონი ლადო ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს (60-იან წლებში მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ვსწავლობდი), მეორე თუ მესამე კურსზე რომ ვიყავი, მაშინ გავიცანი. ჩემს ჯგუფში ორი ინდოელი სწავლობდა – უსხარა და სუბროტა. უსხარასთან ძალიან დავმეგობრდი. ერთ ზაფხულს უსხარა საქართველოში ჩამოვიდა და მესტუმრა, ორი კვირა ცხოვრობდა ჩემთან სახლში. მთელი თბილისი მოვატარე. ფეხით დავსეირნობდით. ცოტა ხანში აღარ ვიცოდი, რა მენახვებინა, არც მანქანა მყავდა, რომ სადმე წამეყვანა, რომ რაღაცნაირად გამერთო. ამ დროს ჩემმა მეგობარმა მანანა მაჩაბელმა (პარალელურ კურსზე ვსწავლობდით) მითხრა: მოდი, გუდიაშვილს ვთხოვ, მიგიღოთო. მანანა მის მეზობლად ცხოვრობდა. დაურეკა. ათი წუთის შემდეგ მეუბნება: გერასიმოვის მოწაფეების მიღებაზე უარი განაცხადაო.

ჩვენი პედაგოგი, რეჟისორი გერასიმოვი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ ამავე გვარის მქონე მხატვარიც არსებობდა, აკადემიკოსი, რომელიც საბჭოთა რეალიზმის საშინელი მხატვარი იყო, ყველა დეტალს ისე ასახავდა, რომ ფოტოსგან ვერ გაარჩევდი. როგორც ჩანს, ბატონ ლადოს სწორედ იმ გერასიმოვის მოწაფეები ვეგონეთ და ამიტომაც არ ისურვა ჩვენთან შეხვედრა, რადგან, როცა მანანას ვთხოვე, დაერეკა მისთვის და აეხსნა რომ მომავალი კინორეჟისორები ვიყავით, რეჟისორ გერასმოვის სტუდენტები და არა მხატვრები, მანანამ რამდენიმე წამში გადმომირეკა, ბატონი ლადო გელოდებათო. ცხადია, ვესტუმრეთ, ძალიან თბილად მიგვიღო. ჩაისა და ნამცხვარზე დაგვპატიჟა და 3 საათი ჩვენთან საუბარში გაატარა. საოცარი ადამიანი იყო, ძალიან თბილი და უშუალო“.

* * *

როგორც ბატონმა თემურმა გვითხრა, „მზე შემოდგომისა“ რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის ცხოვრების ანარეკლია, ფაქტობრივად, ავტობიოგრაფიული ფილმი. ზოგიერთი ამბავი სწორედ მათ გადახდათ თავს, მაგალითად, ჩხუბის და პურის საცხობის სცენა რეალური ისტორიიდან არის. გადაღებები, ძირითადად, თბილისის ძველ უბნებსა და პავილიონებში მიმდინარეობდა, რამდენიმე კადრი კი ბათუმსა და ოდესის პორტში გადაიღეს.

სახლი, სადაც ფილმის მნიშვნელოვანი კადრებია გადაღებული, კლდის უბანში, თბილისის ათეშგას მიმდებარე ტერიტორიაზე, გომის ქუჩაზე დგას. რეჟისორს ძალიან უნდოდა, თავად ბატონი რეზო რომელიმე კადრში მაინც შეეყვანა, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა, საერთოდ, გადაღებებს (ფაქტობრივად, სამ თვეს გაგრძელდა, თუმცა მთლიანად ფილმის მომზადებას ერთი წელი დასჭირდა) იშვიათად ესწრებოდა. ფილმის მუსიკის ავტორი კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილია.

„მზე შემოდგომისა“ ეკრანებზე 1973 წელს გამოვიდა და დღემდე ცოცხლობს, რაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მაყურებელს უყვარს. ამბობენ, მარტო გუდიაშვილის ცეკვისთვის ღირდა ამ ფილმის გადაღებაო…

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close