ვინ იყო მოსკოვის გენერალური გეგმის ქართველი ავტორი, რომელსაც ისტორიკოსთა ნაწილი ცემენტის გამოგონებას მიაწერს
1724 წელს ქართლიდან გადახვეწილი ვახტანგ VI-ის 1200-კაციან ამალაში ეგორ ჩელიევის ბაბუა, დავით ჭელიძეც იმყოფებოდა. XVIII საუკუნის ოცდაათიან წლებში, რუსეთის ქვეშევრდომობის მიღების შემდეგ, იმპერატორმა მას უბოძა თავადობა და მიწა ათი კომლით პოლტავის მიდამოებში.
ეგორ ჩელიევი 1771 წლის 19 მაისს დაიბადა ნოვოროსიისკის გუბერნიაში. მამამისი, გერასიმე, ქართველ ჰუსართა პოლკის გადამდგარი სეკუნდ-მაიორი იყო. 6-7 წლის ეგორს მამა გარდაეცვალა, დედა მეორედ გათხოვდა სამხედრო ინჟინერ იაკობ მაურინზე და ოჯახი სარატოვში გადავიდა საცხოვრებლად.
ეგორ ჩელიევი 16 წლის ასაკიდან მუშაობდა: იყო სამაზრო მიწისმზომელი სარატოვის გუბერნიაში, შემდეგ სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა, გადადგა პოდპორუჩიკის ჩინით; 1794–1800 წწ. საკანცელარიო მუშაკია სარატოვის გუბერნიაში, შემდეგ მიწისმზომლად მუშაობს მოსკოვში; 1817–1821 წწ. მოსკოვის საპროექტო და არქიტექტურულ-დაგეგმარებითი სახელოსნოს ერთ-ერთი განყოფილების დირექტორია, ხოლო 1821–1825 წწ. მოსკოვის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული სახელოსნოების უფროსია.
1812 წელს გადამწვარი მოსკოვის აღსადგენად ალექსანდრე პირველმა ახალი პროექტების შედგენა მოითხოვა, რაც მოსკოვის მთავარსარდალსა და მისი სამოქალაქო მშენებლობის ნაწილის ხელმძღვანელს, გრაფ როსტოპჩინს დაევალათ. შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელსაც თავადი ციციანოვი მეთაურობდა. ამ კომისიაში შედიოდა საპროექტო განყოფილება, რომლის დირექტორიც ეგორ ჩელიევი იყო. მისი უშუალო ხელმოწერითაა დამტკიცებული მოსკოვის მრავალი შენობის, არხის, ხიდის, აღდგენა-რეკონსტრუქციისა და მშენებლობის პროექტები. იგი უძღვებოდა ყველა გეოდეზიურ, ტოპოგრაფიულ და კარტოგრაფიულ სამუშაოს.
ეგორ ჩელიევისა და თავად ციციანოვის ხელმძღვანელობით შედგა მოსკოვის გენერალური გეგმა. მასში შედიოდა 486 მნიშვნელოვანი შენობა, 6 ტაძარი, 21 მონასტერი, 261 ეკლესია, 129 საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა და ასე შემდეგ. მოსკოვის გენერალური გეგმა ეგორ ჩელიევმა თავისი ხარჯით დასტამბა და ოთხჯერ გამოსცა – 1817, 1818, 1819 და 1824 წლებში.
1818 წელს თავად ჩელიევს დაავალეს შეედგინა ახალი წყალსარიდებელი არხის პროექტი, რათა გაზაფხულის წყალდიდობის დროს მოსკოვის სანაპიროები არ დატბორილიყო. პარალელურად, დანიშნეს მოსკოვის სამხედრო ბრიგადის სამშენებლო სახელოსნოების უფროსად. გარდა საპროექტოსი, მის მოვალეობაში შედიოდა ჰიდროტექნიკური და ჰიდროსტატიკური სამუშაოების შესრულებაც. ეგორ ჩელიევი დაპროექტების გარდა მონაწილეობდა მოსკოვის სანაპიროების, აუზების, შადრევნების, არხების, ნაგებობების მშენებლობაში. ხელმძღვანელობდა საგზაო სამუშაოებსაც და უკვე 1824 წელს უპატაკა ზემდგომ ორგანოებს, რომ „მტრისაგან ფერფლად ქცეული დედაქალაქი აღდგენილია და მისი იერი მოყვანილია, პირვანდელთან შედარებით, კიდევ უფრო უკეთეს გარეგნულ სახემდე“.
ეგორ ჩელიევის დახასიათებაში წერია: „იცის არითმეტიკა, გეომეტრია, არტილერია, ფორტიფიკაცია, ექსპერიმენტული ფიზიკა, ქიმია, მექანიკა, ფერწერა, სკულპტურა, სამოქალაქო არქიტექტურა. ღირსია დაწინაურების“. გოლიცინი 1828 წელს მის შესახებ წერდა: „…თავის საქმეში ძლიერ მცოდნეა, ხელმძღვანელობის მრავალ დავალებას დიდი წარმატებით ასრულებს “.
ეგორ ჩელიევი დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირისა და წმ. ანას ორდენებით, 1812 წლის სამამულო ომის მედლით. მინიჭებული ჰქონდა ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის წოდება. იგი 1829 წლამდე უძღვებოდა მოსკოვის დაგეგმარებას, მაგრამ მისი ყველაზე დიდი მიღწევა იყო ცემენტის გამოგონება.
დიდხანს ითვლებოდა, რომ ცემენტი 1824 წელს გამოიგონა ინგლისელმა ასპდინმა, მაგრამ საარქივო დოკუმენტებმა ცხადყო ჩელიევის პრიორიტეტი. ცემენტის დაბადების თარიღად ითვლება 1822 წელი. მაშინ დაიწერა ჩელიევის წიგნი ,,ტრაქტატი კარგი სამშენებლო ხსნარების მომზადების ხელოვნების შესახებ”. მან შექმნა მტკიცე სილიკატური ცემენტი, რომელიც დღევანდელი ცემენტის წინარე სახედ იქცა.
ფრანგებთან ომის შემდგომ წლებში სწორედ მის მიერ შექმნილი სამშენებლო მასალის გამოყენებით აღადგინეს ძველი შენობები და ახლები ააგეს. თავისი გამოგონება ეგორ ჩელიევმა დაწვრილებით აღწერა მომდევნო წიგნში, რომელიც 1825 წელს გამოიცა. წიგნს ერქვა: „სრული აღწერილობა, თუ როგორ უნდა მომზადდეს იაფი და საუკეთესო ცემენტი, ფრიად მტკიცე, ისეთი წყალქვეშა ნაგებობებისათვის, როგორიცაა: არხები, ხიდები, აუზები და კაშხლები; მიწისქვეშა სარდაფებისათვის და ხისა და ქვის ნაგებობათა შესაბათქაშებლად“. ნაშრომში აღწერილი იყო ცემენტის მიღების ხერხი კირის (ან ცარცის) და თიხის ნაერთის გამოწვისა და მიღებული პროდუქტის დაქუცმაცების მეშვეობით. ავტორი შენიშნავდა, რომ წიგნი დაწერილი იყო რეალურად აგებული შენობების პრაქტიკის საფუძველზე.
ნაშრომი დადასტურებაა ავტორის, როგორც შესანიშნავი მკვლევარისა და პრაქტიკოსის, უებრო ნიჭიერებისა, რომელმაც ტექნიკურად ჩამორჩენილი რუსეთი ცემენტის სამშენებლო მასალით შეაიარაღა. მისი დასკვნების სიმყარეზე მეტყველებს ის გარემოება, რომ დღემდე ცემენტი იმავე მეთოდით მზადდება.
1828 წელს ეგორ ჩელიევი გაურკვეველ ვითარებათა მსხვერპლი შეიქნა. იგი დაუმსახურებლად და უსამართლოდ დაითხოვეს სამუშაოდან. მისი ცხოვრების ბოლო წლების შესახებ არაფერი ვიცით. გარდაიცვალა ყველასაგან მივიწყებული, 1829 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში.
ეგორ ჩელიევს ჰყავდა მეუღლე მარია ალექსანდრეს ასული ვოეიკოვა და ქალიშვილები: ოლგა და ვარვარა.
სამწუხაროდ, 1948 წლამდე, როცა შემთხვევით მიაგნეს მის წიგნს, ჩელიევის სახელი უცნობი იყო. ცემენტის ავტორად მხოლოდ ასპდინი ითვლებოდა, რომელმაც 1824 წელს ამ მასალის პატენტი აიღო. ამჟამად კი ოფიციალურ სახელმძღვანელოებში პორტლანდცემენტის გამომგონებლად, ასპდინთან ერთად, ჩელიევიც მოიხსენიება. მათ წინაშე მთელი მსოფლიო ვალშია, რადგან სწორედ ამ ორი ადამიანის გამოგონებამ გახადა შესაძლებელი მსოფლიოში ცათამბჯენების მშენებლობა.
დღეს ეგორ ჩელიევის ღვაწლი სათანადოდაა დაფასებული. 1971 წლის მაისში, იუნესკოს ეგიდით, თბილისში ჩატარდა მისი დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია, რომელშიც ცემენტის ქიმიის მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
1976 წელს სანკტ-პეტერბურგში, ნევის რაიონში, ერთ-ერთი ქუჩას ეგორ ჩელიევის სახელი ეწოდა.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
kartuli.kvira.ge
კომენტარები