მედიცინამსოფლიო

რუსეთში COVID-19-ის შეუმოწმებელ ვაქცინას 40 ათას ადამიანზე გამოცდიან

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მდებარე გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევით ცენტრში მომუშავე მეცნიერების მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას 40 ათასზე მეტ ადამიანზე გამოცდიან. Sputnik V-ს სახელით ცნობილი პრეპარატის მასობრივი ტესტირება მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

სრულფასოვანი შემოწმების გარეშე დარეგისტრირებული ვაქცინის მასშტაბური გამოცდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განლაგებულ 45 სამედიცინო ცენტრში ჩატარდება. მოხალისეთა ერთი ნაწილი ადამიანის ადენოვირუსის საფუძველზე დამზადებული ვექტორული ორკომპონენტიანი პრეპარატის ორ დოზას მიიღებს, მეორე კი – პლაცებოს. რუსი მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ამ გზით Sputnik V-ს უსაფრთხოება და ეფექტiიანობა დამტკიცდება, რაც მასთან დაკავშირებულ ეჭვებს გაფანტავს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რუსეთში კლინიკური ტესტირების მესამე ფაზის დასრულებამდე დაარეგისტრირეს. ქვეყანაში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები პრეპარატის სრულფასოვან გამოცდამდე ამ პროცედურის გადავადებას ითხოვდნენ, თუმცა ჯანდაცვის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა მათი შეშფოთება არ გაითვალისწინა.

აღსანიშნავია, რომ კვლევის პირველი და მეორე ეტაპების ფარგლებში პრეპარატის ინიექცია რამდენიმე ასეულ ადამიანს გაუკეთდა, თუმცა ცდის პირველადი შედეგები ამ დრომდე უცნობია. ამის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ Sputnik V ქმედითია და სასურველ იმუნურ რეაქციას იწვევს. მსოფლიოში პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრირების შესახებ ინფორმაცია კი თავად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაავრცელა.

ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული ვაქცინის ტესტირებაში უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ინდოეთი, ბრაზილია, საუდის არაბეთი და ფილიპინები ჩაერთვებიან. კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეები მის გამოყენებას შემოდგომიდან შეძლებენ. პირველები პრეპარატს მედიკოსები და მასწავლებლები მიიღებენ, გაყიდვაში კი ის 2021 წლის პირველ იანვარს ჩაეშვება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი დაწესებულება მუშაობს. ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი პრეპარატი ამჟამად გამოცდის მესამე, ყველაზე ფართომასშტაბიან ეტაპს გადის, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ის 30 ათასი მოქალაქე იღებს. იმ შემთხვევაში, თუ ტესტირება წარმატებით დასრულდება, mRNA-1273-ის სახელით ცნობილი ვაქცინა საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად მიმდინარე წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. გამოცდის ეტაპზეა ასევე ამერიკული კომპანია Inovio-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული ედვარდ ჯენერის სახელობის ინსტიტუტის მიერ შექმნილი პრეპარატები.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close