საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება – რეკომენდაციები, რომელთა დაცვა სავალდებულოა
2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა რეკომენდაციები შეიმუშავეს.
როგორც განათლების სამინისტროში დღეს, 14 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 2084 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს დაიწყება და შემდეგი რეკომენდაციების დაცვა იქნება სავალდებულო:
- მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
- შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
- შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
- სკოლებში პირბადეების რეზერვის არსებობა;
- სველი წერტილების სანიტარიული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
- ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარიული დასუფთავება და განიავება;
- სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
- ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
- ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარიული დამუშავება;
- სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (მოსწავლეების გარდა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის, დასვენებების პერიოდში და სხვ.
ზემოაღნიშნულ რეგულაციებზე დაყრდნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თითოეული სკოლის სპეციფიკისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც ყველა სკოლას საშუალებას მისცემს, ასწავლო პროცესი ინდივიდუალური შესაძლებლობების, მოსწავლეთა რაოდენობისა და სასკოლო ფართს შორის თანაფარდობის გათვალისწინებით დაგეგმოს.
სკოლებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს, შესაძლებლობა ექნებათ:
- თავად განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა (მინ. 30-წუთიანი გაკვეთილები); განსაზღვრონ გაკვეთილის პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით (08:30 სთ; 08:45 სთ; 09:00 სთ); განსაზღვრონ და მოქნილად დააორგანიზონ ცვლები;
- საჭიროების შემთხვევაში ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ რამდენიმეცვლიან მოდელზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით;
- სკოლებს, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, შეუძლიათ დანერგონ შერეული (ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რომელიც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ისე დისტანციურად) სწავლების საკუთარი მოდელი;
- სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა.
სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ ერთი დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ სამი დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო „აგრძელებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობას და ზედმიწევნით შეასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც განპირობებული იქნება იმ დროისთვის არსებული ეპიდვითარებით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
კომენტარები