პოპულარული შვედური ჯგუფი ABBA 35-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება – ის 2021 წელს ხუთ ახალ სიმღერას გამოუშვებს.
ჯგუფის წევრებმა – ბენი ანდერსონმა, ანი-ფრიდ ლიუნგსტადმა, აგნეტა ფელტსკუგმა და ბიორნ ულვეუსმა 2018 წელს თქვეს, რომ ისინი ორი ახალი სიმღერით დაბრუნდებოდნენ, თუმცა გეგმები შეიცვალა.
თავიანთი გეგმები გამოცემა The Independent-ს ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ბიორნ ულვეუსმა გაუმხილა. მან თქვა, რომ სიმღერები უკვე დაწერილია და ისინი წელს უნდა ჩაეწერათ, მაგრამ ყველასთვის ცნობილი პრობლემის გამო გადაიდო. მანვე აღნიშნა, რომ ახალი ალბომის გამოსვლის ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებს, რადგან უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანში კორონავირუსის პანდემიის გამო, თუმცა თაყვანისმცემლებს შეჰპირდა, რომ ისინი სიმღერებს 2021 წელს აუცილებლად მოისმენენ.
ჯგუფის ხელახალი გაერთიანება რთული არ ყოფილა. მისი წევრები მრვალი წელია მეგობრობენ. ბიორნის თქმით, როდესაც ერთად იკრიბებიან, ისეთი განცდა აქვთ, თითქოს არც არასდროს დაშლილან.
მსოფლიო პოპულარობა შვედურმა ჯგუფმა დაარსებიდან (1972 წ.) 2 წლის შემდეგ, 1974 წელს მოიპოვა „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შედეგად. მათი პოპულარობის პიკი გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს იყო. კვარტეტის სიმღერებს მთელ მსოფლიოში უსმენდნენ, გასტროლებზე ყველგან ელოდებოდათ თაყვანისმცემელთა არმია.
ჯგუფი 1982 წელს დაიშალა. მისმა წევრებმა გადაწყვიტეს, საკუთარი პროექტებით დაკავებულიყვნენ, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს.
ჯგუფის დაშლას ხელი შეუწყო გაყრებმაც: ჯერ ბიორნის და აგნეტას ოჯახი დაინგრა, შემდეგ ბენიმ და ფრიდამ გადაწყვიტეს განქორწინება. ამის გამო მათ ერთად გამოსვლა გაუჭირდათ. რაღაც პერიოდში ფრიდამ და აგნეტამაც შეწყვიტეს მეგობრობა.
ამის მიუხედავად, 35 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მომღერლებმა შეკრება შეძლეს. ისინი 2016 წელს ერთად გამოვიდნენ კერძო გალა კონცერტზე სტოკჰოლმში, მოგვიანებით კი, დიდი ხნის დუმილის შემდეგ, ABBA-მ 2 ახალი სიმღერა ჩაწერა 2018 წელს.
ახლა ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ დროა, მაყურებლის წინაშე წარდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ასაკი ეტყობათ, მათი თქმით, თავს ისევ ახლგაზრდულად გრძნობენ.
ამასთან ერთად, ABBA ჰოლოგრამულ მსოფლიო ტურნესაც გამართავს.
კომენტარები