თამარ ბაჩალიაშვილის გვამის ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთვება
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განმარტებით, გარდაცვლილის გვამის ექსპერტიზაში ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიც ჩაერთვება. მიხეილ რამიშვილის თანახმად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთან ერთად თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში არსებულ კითხვებზე პასუხს დამოუკიდებელი ექსპერტიც გასცემს. ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ბევრი ვერსია და კითხვა არსებობს:
„მე ეხლა ბრალს არავის არ ვდებ, კითხვებს დავსვამთ გამოძიების წინაშე, აბსოლუტურად იქნება დეტალურად გამოკვლეული, დეტალურად მოთხოვნილი ყველა კითხვაზე პასუხი, დეტალურად ექსპერტიზა ჩატარებული, დეტალურად დადგენილი თუ რისგან იქნა გარდაცვლილი. ისე რომ, არავის არაფერი არ შერჩება“, – უთხრა ჟურნალისტებს მიხეილ რამიშვილმა.
მისი თქმით, ეჭვს იწვევს ისიც, რომ გარდაცვლილის მანქანა მწყემსმა იპოვა და არა პოლიციამ:
„ჯერ ერთი, ძალიან დიდი უყურადღებობაა, მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ, რომ ეს არ არის ისეთი უღრანი ტყე, რომ ვერ ნახულობდეს, მით უმეტეს, მათი განცხადებით, რასაც მე ვუსმენდი, გამოყენებული იყო ვითომდა აეროგადაღება, დრონი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და ამავე დღის მეორე ნახევრიდან გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ქალი 22 ივლისს გარდაცვლილი ნახეს თეთრიწყაროში, ტყესთან, ავტომანქანაში. ადვოკატის თქმით, იგი ავტომანქანის უკანა სავარძელზე იყო.
თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების საქმეზე ამ დრომდე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.
კომენტარები