ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, გალისიის რეგიონში მკაცრი კარანტინი გამოცხადდა
ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე გალისიის რეგიონში 70 ათასამდე მცხოვრები კვლავ კარანტინში აღმოჩნდა კორონავირუსის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მკაცრი კარანტინი გამოცხადდა გალისიის რეგიონში, ლუგოს პროვინციის ამარინიას რაიონში. ადგილობრივ მცხოვრებლებს რაიონის დატოვება პარასკევამდე აეკრძალათ. ამარინიას დატოვება ადგილობრივებს მხოლოდ სამსახურში გასამგზავრებლად ან ნებართვის ქონის შემთხვევაში შეუძლიათ.
ამასთან, ნებადართულია ამარინიის შიგნით გადაადგილება, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულოა პირბადის ტარება.
აღსანიშნავია, რომ 12 ივლისს გალისიაში რეგიონული არჩევნები იმართება.
რაიონის ჩაკეტვის გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო მიიღო. გალისიის რაიონში არსებული კოვიდ-19-ის 258 აქტიური შემთხვევიდან, 100-ზე მეტი ლუგოს პროვინციაშია დაფიქსირებული. ინფიცირების ახალი შემთხვევები ამარინიაში მდებარე რამდენიმე ბარს უკავშირდება.
მანამდე, ერთი დღით ადრე, კარანტინი გამოცხადდა კატალონიის საგრიის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო. ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილიამ განაცხადა, რომ უწყება გალისიასა და კატალონიაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.
ესპანეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 297 625 შემთხვევა. გარდაიცვალა 28 385 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო რეჟიმი, რომელიც ესპანეთში მარტში დაიწყო 7-ჯერ გახანგრძლივდა, 21 ივნისს მოიხსნა.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები