საზოგადოებაქართველები უცხოეთში

სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტ ქართველ პედაგოგთა შეხვედრა ონლაინ სივრცეში

პირველი ეროვნული ონლაინ კონფერენცია „თანამედროვე სწავლების გამოწვევები და საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლები“

2020 წლის 28 ივნისს ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ინიციატივით, ორგანიზებითა და ბარსელონის წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით, პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით, ჩატარდა ემიგრანტ პედაგოგთა პირველი ეროვნული ონლაინ კონფერენცია „თანამედროვე სწავლების გამოწვევები და საზღვარგარეთ არსებული ქართული საკვირაო სკოლები“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კონტინენტის 64-მა მასწავლებელმა. კონფერენცია საქართველოს დროით 16:00 საათზე გაიხსნა ბარსელონაში მცხოვრები ქართველი მოსწავლის, ნიკოლოზ ფანგანის ვიდეოჩანაწერით.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: ბარსელონის წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი, ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამემამულეებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ალიონა ჩხოტუა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და ახალი სკოლის მოდელისა და სწავლა-სწავლების კონსტუქტივისტულ პრინციპებზე ისაუბრეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ განათლების ექსპერტმა თამარ ჯაყელმა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ; „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტმა ვარდენ ნიქაბაძემ ისაუბრა ონლაინ სწავლების გამოწვევებზე; მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელებმა ლადო აფხაზავამ და მანანა კაპეტივაძემ საზღვარგარეთ მოღვაწე კოლეგებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს.

კონფერენციაზე ყველა მონაწილე საინტერესო თემით და პრეზენტაციით წარდგა:
1.ესპანეთი – მარინა წიქორაძე – „სახელმძღვანელოები პროგრამები და თანამედროვე სწავლების მეთოდები საკვირაო სკოლაში“;
2. კანადა – ნუნუ ღურჭუმალიძე – „საკვირაო სკოლაში სწავლების ეფექტიანობის მიღწევის გზები და საშუალებები“;
3. საფრანგეთი – თამარი ხეცაძე – „გახსოვდეს ვისი გორისა ხარ“;
4. ბელარუსი – მზია აკობია – „ონლაინ თუ ოფლაინ გაკვეთილი?“;
5. უკრაინა – ლალი გადელია – „თანამედროვე სწავლების მეთოდები და გამოწვევები“;
6. აშშ – ზურაბ მუშკუდიანი – „დისტანციური სწავლება ამერიკაში“;
7. აშშ – რუსუდან გალდავა – „თანამედროვე სწავლების მეთოდები და გამოწვევები და აშშ-ში არსებული ქართული საკვირაო სკოლები“;
8. თურქეთი – ნანული კაჭარავა – „ქართველოლოგიური კერები თურქეთში“;
9. ნიდერლანდები – თიკა სვანიძე „ვირტუალური საკლასო ოთახის კონცეფცია საქართველოში და ემიგრაციაში მყოფი ქართველი მოსწავლეები“;
10. საქართველო – ია ჯღარკავა „გაკვეთილები საზღვრების გარეშე და ფონდი დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“;
11. პოლონეთი – ლანა ბურკაძე – „ენა როგორც იდენტობა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისათვის“;
12. საბერძნეთი – დარეჯან ღამბაშიძე – „საკვირაო სკოლები ქართული სულის ოაზისებია ემიგრაციაში“;

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტმა ნიკო სილაგაძემ  დახმარება აღუთქვა კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს და შესთავაზა სამი წინადადება:1) საერთო პლატფორმის შექმნა; 2) ექსპერტის გამოყოფა სამინისტროდან; 3) ვებინარების ჩატარება.

კონფერენციამ დაახლოებით 6 საათს გასტანა და 22:00 საათზე დასრულდა.

ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგებმა – ეკა ქართველიშვილმა, თეონა აბრამიშვილმა, ნათია ეგუტიძემ, ეკა ალავიძემ, ასმათ ტოგონიძემ, თინათინ მილორავამ – შეასრულეს ქართული სიმღერა „ჩემი საქართველო აქ არის“, რითაც დასრულდა მეტად ამაღელვებელი, მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა მსოფლიოს ქართველ ემიგრანტ მასწავლებლებთან.

კონფერენციის ტექნიკურ გამართულობასა და უხარვეზოდ მიმდინარეობაზე მე-17 საჯარო სკოლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მენეჯერმა გიორგი საკანდელიძემ იზრუნა.

„საინტერესო პროექტი იყო, უზარმაზარი შრომა გასწიეს ორგანიზატორებმა – მადლობა თითოეულ მათგანს. სასიხარულოა, რომ შევხვდი ჩემს კოლეგებს, განათლების ექსპერტებს და ჩვენი დიასპორის დეპარტამენტიდან, თანამემამულეებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს ქალბატონ ალიონა ჩხოტუას. იმედია, ასეთი შეხვედრები ხელს შეუწყობს საკვირაო სკოლებში ახალი ინიციატივების დანერგვას და გაზიარებას“, – განაცხადა ათენის ქართული სახლის ხელმძღვანელმა დარეჯან ღამბაშიძემ.

კონფერენციის სრული ვიდეოჩანაწერი პირველ ივლისს განთავსდება სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close