საზოგადოებასაქართველო

საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა გასულ ერთ დღეში კიდევ ერთით გაიზარდა და 15-ს მიაღწია. გუშინ გარდაცვლილი პაციენტი, 82 წლის მამაკაცი, მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ექიმების თქმით, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტი გარდაიცვალა გუშინ, 12:40 საათზე. ის იყო კრიტიკულად მძიმე პაციენტი, 82 წლის კოვიდინფიცირებული, რომელსაც ჰქონდა მრავალი თანმხლები დაავადება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასევე გვყავს კიდევ ერთი კრიტიკულად მძიმე ინფიცირებული, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება“, – აცხადებენ კლინიკაში.

გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც დაუდასტურეს. მათი თქმით, საქართველოს მოქალაქე 82 წლის მამაკაცი საქართველოში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში პაციენტი ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო შეერთებული.

გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 2) და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 924-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 785 პაციენტი, აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 124-ია, მათგან მძიმედ ფასდება 5-ის მდგომარეობა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close