რა ხდება იტალიაში კარანტინის მოხსნის შემდეგ – ქართველი ჟურნალისტის რეპორტაჟი (ვიდეო)
ქეთი ქარდავა ქართველ ემიგრანტსაც გაესაუბრა, რომელიც კორონავიურსისგან გამოჯანმრთელდა
,,იმედის კვირამ“ და ქეთევან ქარდავამ იტალიაში იმოგზაურეს. ჟურნალისტი კრიზისის შემდეგ იტალიაში ერთ-ერთი პირველი ჩავიდა და ნახა, როგორია ერთ დროს სავსე ტურისტული ადგილები. ვენეციისა და ვატიკანის გარდა ის საქართველოს საელჩოსაც ესტუმრა და ქართველი ემიგრანტების ბედით დაინტერესდა, რომლებმაც ურთულესი სამი თვე გამოიარეს პანდემიის ეპიცენტრში.
საელჩომ ავიაკომპანიასთან შუამდგომლობა გაუწია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონეთ, ონკოპაციეტებს, ქრონიკული დაავადების მქონეებს, ორსულებს, ხანდაზმულებს, შშმ პირებს, სტუდენტებს და თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ადამიანებს. სხვადახვა ქალაქიდან რამდენიმე ადამიანის რომში ტრანსპორტირებაც გახდა აუცილებელი რეანიმობილებით. სამშობლოში დაბრუნდა ათასამდე მოქალაქე.
ჟურნალისტი ქართველ ემიგრანტსაც გაესაუბრა, რომელიც კორონავიურსისგან გამოჯანმრთელდა. COVID-19-ის სიმპტომები მას შემდეგ გამოუვლინდა, რაც მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოხუცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მალევე გარდაიცვალა. სახლში მარტო დარჩენილი, თავად 7 დღე ებრძოდა ვირუსს და ბოლოს თავადაც საავადმყოფოში მოხვდა, 25 დღით.
იტალიაში საერთაშორისო ტურიზმი 3 ივნისიდან აღდგა.
p. s. იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ 21 ივნისს, საღამოს წარმოდგენილი მონაცემებით, იტალიაში 20-21 ივნისის 24 საათში კოვიდ-19-ით 24 ადამიანი გარდაიცვალა და კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 34 634-ს მიაღწია.
დაფიქსირდა ინფიცირების 264 ახალი შემთხვევა, სულ კი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით) 238 499-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 182 893 პაციენტი (76,7%) , რეანიმაციაში მოთავსებულ მძიმე პაციენტთა რიცხვი კი 148-მდე შემცირდა.
კომენტარები