კრიმინალისაქართველო

ბოდბეში ქალმა საპირფარეშოში იმშობიარა და ჩვილი გადააგდო

მამა აცხადებს, რომ არ იცოდა ცოლის ორსულობის შესახებ

სოფელ ქვემო ბოდბეში მიტოვებული ჩვილი ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, მინდორში გამვლელებმა იპოვეს და პოლიციას აცნობეს. ახალშობილი პოლიეთილენის პარკში იყო გახვეული და ის სულ რამდენიმე საათის დაბადებული იქნებოდა. 

ჩვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმების თქმით, ახალშობილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც, სავარაუდოდ, დაცემის შედეგად მიიღო.

საავადმყოფოში იმყოფება ახალშობილის დედაც – 40 წლის ქალი საგარეჯოს კლინიკაში თავად მივიდა და იქ აღიარა, რომ ბოდბისხევში იმშობიარა და ჩვილი დატოვა. არსებული ინფორმაციით, ის აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილი ეგონა. ექიმის თქმით, ქალი სამედიცინო დაწესებულებაში სისხლდენით მივიდა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ამ დროისთვის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბავშვის მამა აცხადებს, რომ ის და ბავშვის დედა 7 წელია ერთად ცხოვრობენ და  ცოლის ორსულობის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც მასთან პოლიცია მივიდა.

„ყავას ვსვამდი, თვითონ საათი-საათ-ნახევარი ტუალეტში იყო, მაგრამ მე რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა, სხვა ბავშვი არ გვყავს, მე მინდოდა, მაგრამ თვითონ არ უნდოდა, მეუბნებოდა სიმსივნე მაქვსო, სახსრები მტკივაო, ფეხები მისივდებაო, საერთოდ აზრზე არ ვიყავით, თუ ფეხმძიმედ იყო“, – აცხადებს ბავშვის მამა.

მეზობლები კი „რეზონანსთან“ ჰყვებიან, რომ ბავშის მშობლები ორი კვირაა, რაც სოფელში გამოჩდნენ და მათ შესახებ დიდი არაფერი იციან. ბავშვის მამა მამა მწყემსად მუშაობს.

მათი თქმით, თავიდან მამაკაცი მარტო იყო, შემდეგ კი ცოლიც ჩამოიყვანა. ქალი მეზობლებს ეუბნებოდა, რომ ორსულად არ იყო და მას  სიმსივნის გამო მუცელი ებერებოდა. მან მეზობლებს უთხრა, რომ სასწრაფოს გამოძახება არ უნდოდა და თბილისში მიდიოდა, სადაც მამიდა მიხედავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენების მუხლით მიმდინარეობს.

დაუბრუნდება თუ არა ჩვილი დედას, ამის შესახებ ჯერ უცნობია, სოციალური სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ გამოძიების მსვლელობისას რა ფაქტები გამოიკვეთება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close