იტალიასაზოგადოება

კორონავირუსი იტალიაში: დაღუპულთა ახლობლები პრეზიდენტ მატარელასთან შეხვედრას ითხოვენ

მათ ბერგამოში შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით „ჩვენ ბრალს ვდებთ“

2020 წლის მარტი-მაისში ბერგამოში კოვიდ-19-ისგან დაღუპული ადამიანების ნათესავები და ახლობლები პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს, 8 ივნისს ადგილობრივი მედია წერს

მათ ბერგამოში შექმნეს საზოგადოებრივი მოძრაობა სახელწოდებით „ჩვენ ბრალს ვდებთ“ (Noi denuncieremo).

გარდაცვლილთა ახლობლებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს ფორმალური მეთაური მათ, პირველ რიგში, პატივისცემის ნიშნად უნდა შეხვდეს ბერგამოში ვიზიტისას (რომელიც 28 ივნისსაა დაგეგმილი) და, მეორე მხრივ კი, ისინი მოითხოვენ, რომ შეისწავლონ ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ბერგამოში შექმნილი კატასტროფული სიტუაციის გამო.

ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის აფეთქების ყველაზე „ცხელ“ თვეში, მარტში იტალიის ჩრდილოეთ რაიონებში სიკვდილიანობის დონემ ორჯერ მოიმატა გასული წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბერგამოში კი სიკვდილიანობა 5,5-ჯერ გაიზარდა.

ამასთან ერთად, 10 ივნისს დაგეგმილია „ბრალდების დღე“, როდესაც Noi denuncieremo-ს პრეზიდენტი ლუკა ფუსკო, დირექტორთა საბჭო და მსხვერპლთა რამდენიმე ნათესავი დილის 8:30 სთ-ზე პროკურატურაში გაგზავნიან პირველ 50 საჩივარს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო სიტუაციის მართვას ეხება.

საჩივარი, უპირველესად, შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების უუნარობას, გაეფრთხილებინათ პაციენტები და მათი ნათესავები ინფექციასთან დაკავშირებული რეალური რისკების შესახებ; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობას სამედიცინო დაწესებულებებში; ეფექტიანი და დროული ადგილობრივი სამედიცინო დახმარების არარსებობას სახლის პირობებში კოვიდ-19-ის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის და სხვ.

28 ივნისს რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ბერგამოში ჩავა კოვიდ-19-ის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. როგორც „ანსა“ წერს, ეს ინფორმაცია პრეზიდენტმა დღეს დაადასტურა. ამ დღეს ბერგამოს მონუმენტურ სასაფლაოზე (Cimitero Monumentale di Bergamo) კოვიდ-19-ის მსხვერპლთა პატივსაცემად შესრულდება მესა – გაეტანო დონიცეტის რეკვიემი. კონცერტის ორგანიზატორები არიან ბერგამოს მუნიციპალიტეტი და დონიცეტის თეატრის ფონდი. მესა RaiUno-ს პირდაპირ ეთერში გადაიცემა 20:35 სთ-იდან (ადგილობრივი დროით).

პრეზიდენტი მატარელა ბერგამოში ქალაქის მერმა ჯორჯო გორიმ (Giorgio Gori) მიიწვია.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close