ჩრდილოეთ იტალიაში, ნეგრარში (კომუნა ვერონის პროვინციაში, ვენეტოს რეგიონში) მდებარე ერთ-ერთი ვენახის ქვეშ რომის იმპერიის პერიოდის იდეალურად შემონახული მოზაიკა აღმოაჩინეს, – ამის შესახებ მედია წერს ნეგრარის კომუნის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„განსაცვიფრებელი არქეოლოგიური აღმოჩენა – ნეგრარ დი ვალპოლიჩელას ვენახებში (ვერონა), სადაც მრავალი წელია მიმდინარეობს III-IV საუკუნეების რომაული ვილის ძიება, ნაპოვნია მოზაიკის იატაკები საუცხოო მდგომარეობაში“, – ნათქვამია კომუნის ვებგვერდზე და ფეისბუქში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ფოტოებიდან კარგად ჩანს, თუ რამდენად რთულ ნამუშევართან და ფერადი დეტალებით დატვირთულ გამოსახულებასთან გვაქვს საქმე. აღმოჩენილი ორნამენტიანი მოზაიკა არის ანტიკური კარ-მიდამოს იატაკი და ტროტუარის ნაწილი მის გვერდით. მისი დამზადების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით დაუდგენელია.
ამ ადგილას რომაული ვილის არსებობის შესახებ მტკიცებულება პირველად ერთი საუკუნის წინათ გაჩნდა, თუმცა მეცნიერებმა დღემდე ვერ შეძლეს რაიმე მნიშვნელოვანის აღმოჩენა.
სპეციალისტები აპირებენ, ვენახების მფლობელთან და ვერონის მუნიციპალიტეტთან ერთად გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ საგანძურის შემდეგომ „გამოხსნას მიწისგან“ და როგორ გახდება ის ხელმისაწვდომი სპეციალისტებისა და დამთვალიერებლებისთვის. ამას საკმაო დრო და ფინანსები დასჭირდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმე დაიწყოს. ადგილობრივი ხელისუფლება უკვე დაჰპირდა ფინანსურ მხარდაჭერას არქეოლოგიური გათხრების მონაწილეებს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები