მედიცინაnews

პირველად ევროპაში: COVID-19-ით დაავადებულ პაციენტს ფილტვები გადაუნერგეს

ავსტრიელმა ქირურგებმა კორონავირუსით დაავადებულისთვის ფილტვების გადანერგვის წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს, ევროპაში პირველად.

პაციენტი 45 წლის ქალია, რომელსაც კორონავირუსი დაახლოებით 8 კვირის წინ დაუდგინდა. მას ფილტვების მწვავე უკმარისობა ჰქონდა და ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იყო მიერთებული, თუმცა დაავადებამ იმდენად დააზიანა ავადმყოფის ფილტვები, რომ ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად მათი გადანერგვა გახდა საჭირო.

ტრანსპლანტაცია 18 მაისს ჩატარდა, ინფორმაცია კი წარმატებული ოპერაციის შესახებ 25 მაისს ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აქვე აღნიშნულია, რომ ასეთი ოპერაცია ევროპაში პირველად გაკეთდა. დონორი ორგანოები ნიდერლანდებიდან სპეცტრანსპორტით ჩაიტანეს ადგილზე. ოპერაციისშემდგომი ანალიზებით, პაციენტის ორგანიზმში კორონავირუსის ნაწილაკები ჯერ კიდევ არის, თუმცა იმდენად უმნიშვნელო რაოდენობით, რომ ტესტები უარყოფით პასუხს იძლევა.

ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიული კლინიკის დირექტორი ვალტერ კლეპეტკო ამბობს, რომ ქალი კარგადაა. „იგი ნელ-ნელა გამოდის მდგომარეობიდან, ორგანოები კარგად ფუნქციონირებენ და ჩვენ კმაყოფილები ვართ“.

ექიმების ინფორმაციით, 45 წლის ავსტრიელ ქალს (კარინტიიდან) არ ჰქონდა თანმხლები დაავადებები, კორონავირუსით ინფიცირებამდე იგი ჯანმრთელობას არ უჩიოდა. სპეციალიტები ფიქრობენ, რომ ამ გარემოებამაც განაპირობა ოპერაციის წარმატებით დასრულება.

მანანა ბანძელაძე

p. s. აღსანიშნავია, რომ 5 დღის წინ, 21 მაისს ჩინელმა ქირურგებმა კორონავირუსის მქონე პაციენტებისთვის ფილტვების გადანერგვის საკუთარი გამოცდილება კოლეგებს გაუზიარეს. სემინარში მონაწილეობდნენ დიუკის უნივერსიტეტის სპეციალისტები, მედიკოსები კლივლენდიდან, აგრეთვე, იტალიელი ექიმები მილანიდან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close