მედიცინაიტალია

კავასაკის სინდრომის შემთხვევები იტალიაში 30-ჯერ გაიზარდა

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომების თუ გართულებების სია თანდათან იზრდება. ბოლო ერთი თვეა, ხშირად საუბრობენ კავასაკის სინდრომის* მსგავს, იშვიათ ანთებით (ინფლამატორულ) დაავადებაზე, რომელიც მცირეწლოვან ბავშვებში ვითარდება და სასიცოცხლო რისკებს შეიცავს. დაავადება პედიატრიული მულტისისტემური ანთებითი სინდრომის სახელითაც არის ცნობილი.

თუ აქამდე ჯანდაცვის ექსპერტები, ექიმები და მეცნიერები კოვიდ-19-თან ამ იშვიათი დაავადების მხოლოდ შესაძლო ასოცირებაზე წერდნენ, იტალიაში ჩატარებულ კვლევაში ახლა უკვე „ძლიერ“ კავშირზე საუბრობენ. ბერგამოელი ექიმების ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გასულ კვირაში გამოქვეყნდა.

იტალიაში კავასაკის სინდრომის მსგავსი სიმპტომების მქონე 10 ბავშვი შეისწავლეს. აქედან 8-ს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ათივე ბავშვი ერთ კლინიკაში, რომის პაპ ჯოვანი XXIII-ს სახელობის საავადმყოფოში 17 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით მიიყვანეს.

ბერგამოელმა ექიმებმა ასევე გააანალიზეს ბოლო 5 წლის მანძილზე შემოსული, მსგავსი სიმპტომების მქონე ბავშვების ავადმყოფობის ისტორიები. აღმოჩნდა, რომ 2015 წლიდან 2020 წლამდე მათ იმავე დიაგნოზით სულ 19 პაციენტი ჰყავდათ. ექიმების თქმით, ეს შემთხვევების 30-ჯერ გაზრდაზე მიუთითებს.

The Lancet: კავასაკის სინდრომის შემთხვევები ბოლო 5 წლის განმავლობაში. ვარდისფრად აღნიშნულია მწვავე შემთხვევები.

ანალოგიური რამ ჯერჯერობით აზიის ქვეყნებში არ დაუფიქსირებიათ. ვირუს SARS-CoV2-თან დაკავშირებული კავასაკის სინდრომი ამ ეტაპზე მხოლოდ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში აღირიცხა. მათ შორისაა: იტალია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. თითქმის ყველგან დაფიქსირდა ამ გართულებით გამოწვეული გარდაცვალების ფაქტიც.

ამერიკაში (ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის და მასაჩუსეტსის შტატებში) დაწყებულ კვლევებში ახლა მსგავსი სიმპტომების მქონე 150-მდე ბავშვს სწავლობენ. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სინდრომი კოვიდ-19-ით ინფიცირებიდან რამდენიმე დღეში ან რამდენიმე კვირის შემდეგ ვლინდება.

გააგრძელე კითხვა აქ: amerikiskhma

* კავასაკის სინდრომი არის მწვავე, ცხელებით მიმდინარე დაავადება, რომელიც ყველაზე ხშირად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. ახასიათებს ასევე ლიმფური კვანძების გადიდება, „ჟოლოსებრი“ ენა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი, ხელის მტევნების და ტერფების შეშუპება და ა. შ. დაავადების დროს ზიანდება სისხლძარღვები (ძირითადად, საშუალო და წვრილი არტერიები). სინდრომი უმეტეს შემთხვევაში განკურნებით მთავრდება, თუმცა შეიძლება მძიმე გართულებებიც ახლდეს თან, როგორიცაა ანევრიზმების, თრომბოზების წარმოქმნა და სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევა – nostal.ge-ს რედაქციის შენიშვნა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close