იტალია: კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების დღიური მაჩვენებლები გუშინდელთან შედარებით გაიზარდა
ისევ შემცირდა აქტიურ და მძიმე პაციენტთა რიცხვი
კორონავირუსის პანდემიის 19 მაისის სტატისტიკა, რომელიც იტალიის სამოქალაქო დაცვის სამსახურმა დღეს საღამოს გაასაჯაროვა, ასეთია: ამ დროისთვის ქვეყანაში მთლიანობაში დაფიქსირებულია SARS-CoV2-ით ინფიცირების 226 699 შემთხვევა, რაც 813-ით მეტია გუშინდელთან შედარებით (გუშინ ინფიცირებულთა რაოდენობის დღიური ზრდა 451 იყო), მათგან 50%-ზე მეტი – ლომბარდიაში, სადაც 462 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ერთ დღეში 1424-ით შემცირდა ქვეყანაში აქტიურ პაციენტთა რაოდენობა და ამ დროისთვის მათი რიცხვი 65 129-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 3 კვირაა, ყოველდღე სტაბილურად მცირდება.
სამწუხაროდ, ისევ გაიზარდა კოვიდ-19-ის მსხვერპლთა დღიური მაჩვენებელი – გასულ 24 საათში 162 პაციენტი გარდაიცვალა (გუშინ – 99). სულ კი პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 32 169 ადამიანი.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ერთ დღეში 2075-ით გაიზარდა და 129 401-ს მიაღწია.
ამ დროისთვის იტალიაში 716 მძიმე პაციენტია კოვიდ-19-ით, 33-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით, მათგან 244 – ლომბარდიაში, 8-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. ამ მონაცემებს Ansa აქვეყნებს.
რესტორნებისა და პიცერიების გაყიდვების მოცულობა 80%-ით შემცირდა, განაცხადეს 19 მაისს, სამშაბათს ეროვნულ ბიზნესასოციაცია Coldiretti-ში. პრობლემას მხოლოდ ის კი არ ქმნის, რომ ეს დაწესებულებები 2 თვის განმავლობაში დაკეტილი იყო, არამედ ისიც, რომ რესტორნებსა და პიცერიებში ვიზიტისგან მოქალაქეები თავს იკავებენ ინფიცირების შიშით და, აგრეთვე, ბიუჯეტის ეკონომიის მოსაზრებითც.
კრიზისამდე არსებული მონაცემებით, იტალიის მოსახლეობა სახლის გარეთ კვებაზე წელიწადში 84 მილიარდ ევროს ხარჯავდა, რაც კვების პროდუქტებზე მთლიანობაში დახარჯული თანხის 35%-ს შეადგენდა.
ბარების მფლობელთა უმეტესობამ, რომლებმაც მუშაობა 18 მაისიდან განაახლეს, ყავის ფასი გაზარდა და ზოგან ეს ზრდა თითქმის 50%-ს აღწევს, – ამის შესახებ მედია წერს Codacons-ის ექსპერტების მონაცემებზე დაყრდნობით.
გააძვირეს მომსახურება პარიკმახერებმაც, საშუალოდ 25%-ით. ამგვარად ცდილობენ ისინი ნაწილობრივ მაინც აინაზღაურონ დანაკარგები.
ნინო ხოშტარია
კომენტარები