იტალია 3 ივნისიდან ქვეყნის საზღვრებს ხსნის
ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩასულები სავალდებულო კარანტინს არ გაივლიან
იტალიაში ჩასვლის და, აგრეთვე, მის რეგიონებს შორის მოქალაქეების გადაადგილების აკრძალვა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დააწესა ხელისუფლებამ, 3 ივნისიდან მოიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას, 15 მაისს გამართული მთავრობის სხდომის შედეგებზე დაყრდნობით, იტალიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც La Repubblica წერს, იტალიაში ჩასვლა შეეძლებათ ევროკავშირის, შენგენის ზონის ქვეყნების, აგრეთვე, შვეიცარიის და მონაკოს მოქალაქეებს.
რაც შეეხება 14-დღიან კარანტინს, იტალიაში ჩასული უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კარანტინის გავლა სავალდებული არ იქნება.
აღნიშნულია, რომ მთავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეზღუდავს რეგიონებს შორის გადაადგილებას და ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას, თუ კორონავირუსით ინფიცირების მაღალი რისკი შეიქმნება. ეს შეიძლება იყოს სიტუაცია ქვეყნის კონკრეტულ რაიონში ან თუ ადამიანი იმ ქვეყნიდან ჩადის, სადაც რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.
მოსალოდნელია, რომ 3 ივნისიდან სხვა ევროპული ქვეყნებიც გახსნიან საზღვრებს, ბრიუსელის რეკომენდაციების შესაბამისად. ამ საკითხს ევროკომისია უწევს კოორდინაციას. ევროკავშირის დაავადებების სააგენტო, Ecdc ევროპის ტერიტორიის სპეციალურ რუკას შექმნის და დაბლოკავს მოგზაურთა გადაადგილებას ინფიცირების მაღალი რისკის მქონე რაიონებს შორის.
რაც შეხება დანარჩენ მსოფლიოს: ევროკავშირის საზღვრები კავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის ჩაკეტილი დარჩება, სულ მცირე, 15 ივნისამდე. ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისია გადაწყვეტს, დატოვებს საზღვრებს ჩაკეტილს თუ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც გახსნის.
18 მაისიდან კი, როგორც აღვნიშნეთ, იხსნება შეზღუდვა იტალიის რეგიონის ფარგლებში გადაადგილებაზე – იმისათვის, რომ ადამიანი სახლიდან გამოვიდეს და რეგიონის ფარგლებში იმოგზაუროს, სპეციალური ავტოსერტიფიკატის შევსება აღარ იქნება საჭირო. მოქალაქეებს 18 მაისიდან რეგიონებს შორის გადაადგილებაც შეუძლიათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების მიზნით.
ამასთან, იტალიის ხელისუფლება იტოვებს უფლებას, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში ისევ აამოქმედოს შეზღუდვების ზომები.
ნინო ხოშტარია
კომენტარები