ეკონომიკაიტალია

იტალია: მომვლელები და ოჯახის დამხმარეები 600 ევრომდე კომპენსაციას მიიღებენ

უმუშევრობის დახმარების ახალი ალტერნატივა

მომავალ ეკონომიკურ ბრძანებულებაში, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვა, გათვალისწინებული იქნება ზომები ოჯახში მომუშავე დაქირავებული მუშაკების დასახმარებლად, როგორებიც არიან: ოჯახის დამხმარეები და მომვლელები (Colf e Badanti), რომლებიც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან დროებით დაკარგეს ან შეუმცირდათ სამუშაო, კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო.

ამჟამად საუბარია, რომ ამ კატეგორიის დასაქმებულებს სახელმწიფო თვეში 600 ევრომდე კომპენსაციას გადაუხდის, 2 თვის განმავლობაში (მაისი-ივნისი),  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამქირავებლის ოჯახში არ ცხოვრობენ.

როგორც განმარტავენ, ასეთი არჩევანის მიზეზი მარტივია: უმეტეს შემთხვევაში ოჯახის დამხმარეები და მომვლელები, რომლებიც თავიანთ დამსაქმებლებთან ცხოვრობენ სახლში, არ დაზარალებულან და არ განუცდიათ ეკონომიკური ზიანი, ფაქტობრივად, ისინი თავიანთ საქმიანობას ჩვეულებრივ, ნორმალურ რეჟიმში აგრძელებენ, მიუხედავად კორონავირუსის ეპიდემიისა.

პრობლემა უფრო აქტუალურია იმ პირებისთვის, რომლებიც დამსაქმებლის ოჯახში არ ცხოვრობენ: როდესაც მათ სამსახურში სიარული უწევდათ, უფრო კონკრეტული რისკების პირისპირ აღმოჩნდნენ და ბევრ შემთხვევაში იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ სამსახურზე, სხვა შემთხვევებში კი დამქირავებლებს მოუწიათ დროებით უარი ეთქვათ მომვლელის ან ოჯახის დამხმარის მომსახურებაზე, იმავე მიზეზით. ასეთ შემთხვევაში ბენეფიციარების ჯგუფის განსაზღვრა საკმაოდ მარტივია: საკმარისია ფისკალური კოდის და INPS-ის (სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტი) პოზიციის შემოწმება, რათა გაირკვეს, ცხოვრობს თუ არა მუშაკი თავისი დამსაქმებლის ოჯახში.

პირველ მაისს შრომის მინისტრმა ნუნცია კატალფომ Repubblica.it-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცდილობს, ამ კატეგორიის მუშაკებისთვის დათხოვნის შემთხვევაში ხელფასის კომპენსაციის (cassa integrazione) ალტერნატიული საუკეთესო ინსტრუმენტი მოიძებნოს. მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში, მომვლელები და ოჯახის დამხმარეები რამდენიმე ოჯახში მუშაობენ და შესაძლებელია, „მარტივი ავტოსერტიფიკაციის საკითხი საკმარისი იყოს“.

მანამდე, 28 აპრილს, შინამოსამსახურეებისა და მომვლელების პრობლემებზე ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრმა რობერტო გუალტიერიმაც ისაუბრა Def-ის საკითხზე გამოსვლისას. მისი თქმით, მთავრობა აპირებს გაითვალისწინოს კომპენსაცია ასეთი მუშაკების დასახმარებლად, რომელთა საქმიანობაც ამ დროისთვის საფრთხის ქვეშაა პანდემიის შემაკავებელი შემზღუდავი ზომების გამო.

„შინამოსამსახურეების და მომვლელებისთვის, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში თავიანთ სამუშაოს ვერ ასრულებენ, კომპენსაცია გარანტირებული იქნება მომავალ დეკრეტში“, – განაცხადა რობერტო გუალტიერიმ. მით უმეტეს, რომ ოჯახის დამხმარეები და მომვლელები, აგრეთვე, არ არიან დაცულები ახალი დეკრეტით, რომელიც კიდევ 2 თვის განმავლობაში უკრძალავს დამქირავებელს მუშაკის გათავისუფლებას.

როგორც ცნობილია, იტალიის მთავრობის მიერ გამოცემული ბრძანებულებით, თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის აკრძალვა 15 მაისამდე მოქმედებს, თუმცა ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ახალი ბრძანებულებით კიდევ 2 თვეს გაგრძელდეს, ივლისამდე. ეს აკრძალვა არ ეხებათ ოჯახის დამხმარეების და მომვლელების დამსაქმებლებს, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაითხოვონ ისინი. შესაბამისად, გუალტიერის თქმით, ამ კატეგორიის 500 000-მდე მუშაკი (lavoratori domestici) პოლიტიკოსებისგან ელის გადაწყვეტილებას, რომ სახელმწიფო მათაც დაეხმარება ფინანსურად იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო დაზარალდებიან. მომავალ დეკრეტში ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება.

ციცი ხაბელაშვილი

წყარო: blastingnews

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close