იტალიასაზოგადოება

იტალიაში COVID-19-ისგან 152 ექიმი გარდაიცვალა, მათ შორის, 104 წლის პედიატრი

იტალიაში ამ დროისთვის COVID-19-ისგან 152 ექიმია გარდაცვლილი. ამის შესახებ 28 აპრილს იტალიელ მედიკოსთა გილდიების ეროვნულმა ასოციაციამ / FNOMCEO განაცხადა. მათ შორის არიან ის ექიმებიც, რომლებიც უკვე პენსიაზე იყვნენ და კორონავირუსის ეპიდემიის საწყის ეტაპზე ქვეყანაში შექმნილი საჭიროების გამო ნებაყოფლობით ისევ დაბრუნდნენ სამსახურში.

კორონავირუსთან ბრძოლაში გარდაცვლილ ექიმთა 40% (60 ექიმი) 32-იდან 69 წლამდე ასაკის იყო, 24 ექიმი – 70-იდან 79 წლამდე, 16 ექიმი – 80 წელზე მეტის; დანარჩენების მონაცემები ჯერ დამუშავებული არ არის.

ექიმების გარდაცვალების ამ სამწუხარო სტატისტიკასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ იტალიელ ექიმს, FNOMCEO-ს წევრს მატეო მაფეის (Matteo Maffei):

„დღეის მონაცემებით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 152 ექიმია გარდაცვლილი“, – გვითხრა მატეო მაფეიმ. – „გავრცელებული ინფორმაციით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა მათგანი დაიღუპა, როგორც „ჯარისკაცები ბრძოლაში“, მაგრამ რეალურად დაღუპულ ექიმთა შორის არიან არა მხოლოდ ისინი, ვინც ნამდვილად „ფრონტის ხაზზე დაეცა“, რადგან პაციენტების გადასარჩენად იბრძოდნენ (მათ შორის, პენსიაზე მყოფნი, რომლებიც ეპიდემიის დროს სამსახურში დაბრუნდნენ), არამედ პენსიაზე გასული ის ექიმებიც, რომლებიც პანდემიის დროს სამუშაოზე არ დაბრუნებულან.

მაგალითად, კოვიდ-19-ით დაღუპულ 152 ექიმს შორის არის 104 წლის პედიატრი სილვიო ჯულიო მარსილი, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.

სამედიცინო პერსონალის ფართოდ დაინფიცირება პანდემიის დაწყებისას გამოიწვია იმანაც, რომ უდავოდ იყო უსაფრთხოების დეფიციტი: ბევრი, განსაკუთრებით ოჯახის ექიმები, სათანადო პერსონალური დამცავი აღჭურვილობის  გარეშე მუშაობდა, ერთი მხრივ, იმიტომ რომ ჯერ შესწავლილი არ იყო კოვიდ-19-ის რეალური საფრთხე, მეორე მხრივ კი, დამცავი საშუალებების (კერძოდ, ნიღბების) ბაზარზე არსებული რაოდენობა რეალურ მოთხოვნას და საჭიროებას ვერ აკმაყოფილებდა“.

La Repubblica-ს ინფორმაციით, 25 აპრილის მდგომარეობით, იტალიაში საშუალო და უმცროსი მედპერსონალის 34 წარმომადგენელი გარდაიცვალა კორონავირუსის გამო, აგრეთვე, დაღუპულია 13 ფარმაცევტი. ამას გარდა, მედიის ინფორმაციით, COVID-19-ის მსხვერპლი გახდა 117 სასულიერო პირი.

ციცი ხაბელაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close