მოდა/სილამაზემსოფლიოჩვენი ფავორიტი

რა „განაჩენი“ გამოუტანა მსოფლიო მოდას კორონავირუსმა?

„ოტ კუტიურ“ პირბადეებიდან - დამცავ დიზაინერულ გარსამდე

კორონავირუსის ეპიდემია იტალიაში, მილანში სწორედ მოდის კვირეულის დროს დაიწყო. მაშინ ბევრმა კუტურიემ, ფეშენ-ბლოგერებმა, მოდის ჟურნალების ცნობილმა რედაქტორებმა და სამოდელო ჩვენებების სხვა სელებრითებმა გაქცევით უშველეს თავს. ჩვენებები შეწყდა ან საერთოდ გაუქმდა, ბევრმა ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლა. სამოდელო ინდუსტრია დაპაუზდა, მაგრამ არ გაჩერებულა.

პანდემიამ მოდის ინდუსტრიაში ახალი ტრენდი გააჩინა – ბრენდული პირბადეები. კორონოვირუსის გავრცელებამ „აიძულა“ ცნობილი მოდელიერები, ფეხი აეწყოთ ცხოვრების ახალი სტილისთვის. პოდიუმზე გამოსულმა მოდელებმა ბრენდული პირბადეები მოირგეს.

პოდიუმმა სანიტარიული დანიშნულების სააფთიაქო საქონელი – პირბადეები კამეებით, თვლებით, ბუმბულებით გააფორმა და ექსტრავაგანტურ მოდურ აქსესუარად აქცია. როგორც ერთ-ერთმა ფეშენმიმომხილველმა დაწერა, „პირბადე იერსახეს იდუმალ დრამატიზმს მატებს“.

ნამდვილი „კორონავირუს-ლუქი“ წარმოადგინა ნაომი კემპბელმა – მან ეპიდემიის დროს მოგზაურობისათვის განკუთვნილი სრული ეკიპირება მოირგო.

პირბადეების მოდამ პოლიტიკაშიც შეაღწია…

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ თავისი ცნობილი შლაპების კოლექცია  შესაბამისი ფერის პირბადეებით შეავსო.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა სახელი გაითქვა არა მარტო, როგორც ქვეყნის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, არამედ როგორც ყველაზე მოდურმა ქვეყნის მეთაურმა კორონავირუსის პანდემიის დროს.

21 მარტს სლოვაკეთის ახლადარჩეული მთავრობის ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.  ქვეყნის პრეზიდენტი ცერემონიაზე კაბის ფერის პირბადით გამოცხადდა და ეს ფაქტი საერთაშორისო მედიამაც უმალ აიტაცა.

სწრაფად „გადეწყო“ მარკეტინგული ინდუსტრიაც. მაგალითად, ამაზონზე შეგიძლიათ იყიდოთ ტრამპის წინასაარჩევნო სიმბოლიკით დამშვენებული ნიღაბი.

ჩინელმა დიზაინერებმა მოდურობას ინოვაციურობა ამჯობინეს და კორონავირუსისგან თავის დასაცავად ქუჩაში გასასვლელი ერთგვარი კაფსულები შექმნეს. „დამცავი ფარები“ ულტრაიისფერ სინათლეს გამოსცემს, რის წყალობითაც გარემოს ასუფთავებს და კორონავირუსს კლავს.

კონცეპტუალური გასაბერი ბუშტი-გარსი შექმნა კორონავირუსისგან დასაცავად მილანის დიზაინერულმა სტუდია DesignLibero-მ. ამის შესახებ ინფორმაცია სტუდიის ინსტაგრამგვერდზე განთავსდა.

Bubble Shield-ს შეუძლია ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებისგან დაიცვას საჯარო ადგილებში. ის 2 ნაწილისგან შედგება, რომელთაც ერთმანეთთან ელვა-შესაკრავი აკავშირებს, რის მეშვეობითაც გარსში შესვლა და იქიდან გამოსვლაა შესაძლებელი.

ბუშტი აღჭურვილია ელექტროამძრავით ჰაერის ტუმბოსთვის, ხოლო საცვლელი ფილტრები ჰაერის გასაწმენდადაა განკუთვნილი. დიზაინერულ ბუშტში გათვალისწინებულია მზის ბატარეის პანელი და ტუმბოს აკუმულატორი.

ნეტავი, ესაა მოდის ინდუსტრიის მომავალი?

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close