მიგრაციამსოფლიო

აშშ-ში საქართველოს საელჩოს განმარტება

რას გულისხმობს აშშ-ში იმიგრაციის შეზღუდვის შესახებ დონალდ ტრამპის პროკლამაცია

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს აშშ-ში იმიგრაციის შეზღუდვის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პროკლამაცია.

ინფორმაცია – „რას გულისხმობს ამერიკის პრეზიდენტის პროკლამაცია COVID-19-ის გავრცელების შემდგომ ეკონომიკური აღდგენის პერიოდში შრომითი ბაზრისთვის რისკის მატარებელი იმიგრანტების შეერთებულ შტატებში შემოსვლის შეჩერების თაობაზე“ – საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უწყება განმარტავს, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შესაკავებლად განხორციელებული შეზღუდვების შედეგად აშშ-ის ეკონომიკაზე და უმუშევრობის დონის ზრდის მხრივ წარმოქმნილი ნეგატიური პროცესის საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომლის შედეგად შეიზღუდება დამატებითი იმიგრანტი უცხოელი მუშაკების მიღება, რათა დასაქმების ბაზარზე შემცირდეს კონკურენცია აშშ-ის მოქალაქეების სასარგებლოდ.

პროკლამაციის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტი განმარტავს: „მუდმივი ბინადრობის ნებართვის კანონიერად მიღებისთანავე პირები  იღებენ „ღია ბაზარზე“ დასაქმების უფლების დამადასტურებელ საბუთებს, რის საფუძველზეც მათ უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში თითქმის ყველა  პოზიციაზე ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში. არ არსებობს გზა, რომ დავიცვათ არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფი და უმუშევარი ამერიკელები მწირი სამსახურებისთვის გამოცხადებულ კონკურსებში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისგან ამ უკანასკნელთა გადამისამართებით იმ კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებში, სადაც არ არის საკმარისი მუშახელის მიწოდება. არსებული საიმიგრაციო ვიზების მონაცემების დამუშავების დამცავი მექანიზმები არ არის საკმარისი  COVID-19-ის გავრცელების შემდგომი აღდგენითი პერიოდისათვის. საიმიგრაციო ვიზების კატეგორიების უმეტესობა არ მოითხოვს დამსაქმებლებისგან ანგარიშს შეერთებული შტატების მშრომელების გადაადგილების თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ ზოგი დასაქმებაზე დაფუძნებული ვიზა შეიცავს შრომითი სერტიფიკაციის მოთხოვნებს, რადგან ვიზის გაცემა რეალურად ხდება სერტიფიცირების დასრულების შემდეგ, შრომითი სერტიფიკაციის პროცესი ადეკვატურად ვერ ასახავს შრომითი ბაზრის დღევანდელ მდგომარეობას. ამასთან, მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე დამატებითი პირების დაშვება მაშინ, როდესაც ჩვენი ჯანდაცვის რესურსები შეზღუდულია, კიდევ უფრო დაძაბავს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას მაშინ, როდესაც პრიორიტეტი ამერიკელებს და არსებულ იმიგრანტებს უნდა მივანიჭოთ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მე განვსაზღვრე, რომ მომავალი 60 დღის განმავლობაში გარკვეული უცხოელების შემოსვლა საიმიგრაციო სტატუსით საზიანოა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისთვის.

ამგვარად, მე, დონალდ ჯ. ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, მათ შორის იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის 212(f) და 215(a) მუხლებით, შეერთებული შტატების კოდექსის 8 U.S.C. 1182(f) და1185(a), და მე-3 თავის 301-ე მუხლებით, მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვადგენ, რომ ამ პროკლამაციის პირველ სექციაში აღწერილი პირების შემოსვლა შეერთებულ შტატებში, გარდა პროკლამაციის მე-2 სექციაში მოცემულისა, იქნება საზიანო შეერთებული შტატების ინტერესებისთვის და მათი შემოსვლა უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ აკრძალვებს, შეზღუდვებსა და გამონაკლისებს“.

პროკლამაციის მიხედვით, უცხოელების, როგორც ემიგრანტების, შეერთებულ შტატებში შემოსვლა შეჩერდება და შეიზღუდება აღნიშნული პროკლამაციის მე-2 მუხლის (შემოსვლის შეჩერებისა და შეზღუდვის ფარგლები) შესაბამისად შემდეგი პირებისათვის:

მუხლი 2. (a) შემოსვლის შეჩერება და შეზღუდვა შეეხება უცხოელებს, რომლებიც:

(i) იმყოფებიან შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ ამ პროკლამაციის ძალაში შესვლის დღეს;

(ii) არ გააჩნიათ მოქმედი საიმიგრაციო ვიზა ამ პროკლამაციის ძალაში შესვლის დღეს; და

(iii) არ გააჩნიათ ვადიანი სამგზავრო დოკუმენტი ვიზის გარდა (როგორიცაა სატრანსპორტო წერილი, შესაბამის ქვეყანაში დასაბრუნებელი ნებართვა (boarding foil), ან დროებითი სამგზავრო დოკუმენტი (advance parole document), ამ პროკლამაციის ძალაში შესვლის დღეს ან თუ დოკუმენტები, რომლებიც აძლევს პირს საშუალებას იმოგზაუროს შეერთებულ შტატებში და მოითხოვოს შემოსვლა, გაიცემა ამ პროკლამაციის მიღების შემდეგ.

(b) შემოსვლის შეჩერება და შეზღუდვა არ ეხება:

(i) შეერთებული შტატების მუდმივი ბინადრობის კანონიერი საფუძვლის მქონე პირებს;

(ii) უცხოელებს, რომლებსაც სურთ შეერთებულ შტატებში შემოსვლა საიმიგრაციო ვიზით, როგორც ექიმებს, ექთნებს ან ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებს; რომ ჩაატარონ სამედიცინო კვლევა ან სხვა სახის კვლევა, რაც მიმართულია COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად; ან რომ შეასრულონ სამუშაო, რაც ებრძვის, ეხმარება აღდგენაში ან სხვაგავარად ამსუბუქებს COVID-19-ის გავრცელების შედეგებს, სახელმწიფო მდივნის, სახელმწიფო უსაფრთხოების მდივნის, ან მათი შესაბამისი უფლებამოსილი პირების დადგენილების შესაბამისად; ამ უცხოელების მეუღლეებს და 21 წლის ასაკამდე დაუოჯახებელ შვილებს, რომლებიც მგზავრობენ უცხოელთან ერთად ან უნდა გაერთიანდნენ მასთან;

(iii) ნებისმიერ უცხოელს, რომელიც ითხოვს ვიზას EB-5 საიმიგრაციო ინვესტორის პროგრამის (Immigrant Investor Program ) საფუძველზე;

(iv) ნებისმიერ უცხოელს, რომელიც შეერთებული შტატების მოქალაქის მეუღლეა;

(v) 21 წლამდე ასაკის ნებისმიერი უცხოელს, რომელიც არის შეერთებული შტატების მოქალაქის შვილი ან ვის შვილად აყვანას აპირებს შეერთებული შტატების მოქალაქე და შეერთებულ შტატებში შემოდის IR-4 ან IH-4 ვიზის კლასიფიკაციების შესაბამისად;

(vi) ნებისმიერ უცხოელს, ვისი შემოსვლაც მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების სამართლის აღსრულების მიზნებისთვის, რაც განსაზღვრულია სახელმწიფო მდივნის, სახელმწიფო უსაფრთხოების მდივნის ან მათი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, გენერალური პროკურორის ან მისი უფლებამოსილი პირის რეკომენდაციების საფუძველზე;

(vii) შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ნებისმიერ წევრს ან შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების წევრის მეუღლეს და შვილებს;

(viii) ნებისმიერ უცხოელს, რომელიც შემოდის შეერთებულ შტატებში SI ან  SQ კლასიფიკაციის სპეციალური საიმიგრაციო ვიზის საფუძველზე, სახელმწიფო მდივნის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, და ასეთი პირის მეუღლეს და შვილებს; ან

(ix) ნებისმიერ უცხოელს, ვისი შემოსვლაც შეიძლება იყოს ეროვნული ინტერესი, სახელმწიფო მდივნის, სახელმწიფო უსაფრთხოების მდივნის, ან მათი შესაბამისი უფლებამოსილი პირების დადგენილების მიხედვით.

აღნიშნული პროკლამაცია ძალაში შევიდა 2020 წლის 23 აპრილს და ვადა გაუვა მისი ძალაში შესვლის დღიდან 60 დღეში, თუმცა შესაძლებელია, გაგრძელდეს საჭიროების მიხედვით“, – ნათქვამია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყებულ ინფორმაციაში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close