იტალიასაზოგადოება

იტალიაში გამოჯანმრთელების დღიური ზრდის მაჩვენებელი 7-ჯერ აღემატება გარდაცვალების მაჩვენებელს

ვენეტოს (ვენეცია) რეგიონის პრეზიდენტმა შეზღუდვები მოხსნა და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა

კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის შემცირება იტალიაში მე-5 დღეა გრძელდება – ამჯერად დღიური კლება 321-ია და ქვეყანაში ამ დროისთვის 106 527 აქტიური პაციენტია (მათგან 22 068 ჰოსპიტალიზებულია ვირუსის სიმპტომებით, დანარჩენი კი სახლშია თვითიზოლაციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ). კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი გუშინდელთან შედარებით 420-ით გაიზარდა – სულ იტალიაში 25 969 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით.

ჩატარებული ტესტირებების შედეგად გამოვლინდა  ინფიცირების 3021 ახალი შემთხვევა და მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 192 994-ს მიაღწია.

ახალი სტატისტიკა სამოქალაქო დაცვის სამსახურმა ტრადიციულ საღამოს კონფერენციაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ამის შესახებ ANSA წერს.

60 ათასზე მეტი (60498) ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, რაც 2992-ით მეტია, ვიდრე გუშინ (წინა დღის ზრდა 3033 იყო, რაც ჯერჯერობით იტალიაში გამოჯანმრთელების დღიური მაჩვენებლის რეკორდია).

ინტენსიური თერაპიის საჭიროების მქონე ანუ მძიმე პაციენტთა რაოდენობის კლება 3 კვირაზე მეტია განუხრელად გრძელდება  – ამ დროისთვის რეანიმაციაში მოთავსებულია 2173 პაციენტი კოვიდ-19-ის დიაგნოზით, 94-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ, მათგან 756 – ლომბარდიაში, 34-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით.

იტალიის რეგიონების ნახევარზე მეტის ინფორმაციით, მათთან კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მცირდება. სამოქალაქო დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს, რომ ამ დროისთვის კოვიდ-19-ის პაციენტთა რიცხვი მცირდება 11 რეგიონში, ესენია: ემილია რომანია, ვენეტო, ტოსკანა, ლიგურია, კამპანია, აპულია, აბრუცო, უმბრია, სარდინია, კალაბრია და ვალე დ’აოსტა; აგრეთვე, ტრენტოსა და ბოლცანოს ავტონომიურ პროვინციებში. ამას გარდა, ბაზილიკატაში არ დაფიქსირებულა ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა. მათგან განსხვავებით, ლომბარდიაში 495 პაციენტით მეტია, ვიდრე გუშინ, პიემონტში კი მოქმედ პაციენტთა რიცხვი 239-ით გაიზარდა.

ინფიცირების მაჩვენებელი ისევ გაიზარდა ლომბარდიის მთავარ ქალაქში – მილანში, სადაც მთლიანობაში დაფიქსირებულია ინფიცირების 17 689 შემთხვევა, დღიურმა ზრდამ კი 412 შეადგინა, მათგან 246 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა თავად ქალაქში (გუშინ 277 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული მილანის პროვინციაში, ხოლო  105 – ქალაქ მილანში).

მთლიანობაში ლომბარდიაში გასული 24 საათის განმავლობაში 1091 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, მთლიანობაში კი – 71 256. გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა – გასულ 24 საათში166 კოვიდ-პაციენტი დაიღუპა (გუშინ –  200), მთლიანობაში კი ლომბარდიაში კორონავირუსმა 13 106 ადამიანი იმსხვერპლა. ინტენსიური თერაპიის გამოყოფილებებში  756 ადამიანია მოთავსებული, 34-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით.

ვენეტოს (ვენეცია) რეგიონის პრეზიდენტმა შეზღუდვები მოხსნა და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა

ვენეტოს რეგიონის (ადმინ. ცენტრი – ვენეცია) პრეზიდენტმა ლუკა ძაიამ  24 აპრილს განაცხადა მთელი რიგი საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის შესახებ და, ამავდროულად, მოქალაქეებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიფრთხილე და უსაფრთხოების ზომები დაიცვან.

კერძოდ, ვენეტოში ისევ დაშვებულია საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობა (მხოლოდ საკვების სახლში გატანება და არა ადგილზე მირთმევა), მოიხსნა ყველა შეზღუდვა წიგნის და ბავშვთა მაღაზიებზე, ნებადართულია სასაფლაოზე გასვლა, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

იტალიის მთავრობა კარანტინის დროს შემოღებული შეზღუდვების თანდათან მოხსნას 4 მაისიდან გეგმავს, ზოგიერთი შემსუბუქება 27 აპრილიდან შეიძლება შევიდეს ძალაში, თუმცა ვენეტოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საშუალებას იძლევა, ვენეტოში შეზღუდვების მოხსნა უფრო ადრე დაიწყოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close