კოტე მახარაძის „ჰიტად“ ქცეული ფრაზა, რომლის გამოც იგი კაგებემ დაკითხა, უეფას ნომინანტებს შორის მოხვდა (ვიდეო)
„ზეიმობს საქართველოს დედაქალაქი, ზეიმობს მთელი ჩვენი ქვეყანა – თბილისელებმა ეს თასი მოიპოვეს“ – ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სხვადასხვა დროს კომენტატორების მიერ ნათქვამი საუკეთესო ფრაზები და მათ შორის ლეგენდარული ქართველი კომენტატორის, კოტე მახარაძის ეს ფრაზაც მოხვდა.
ეს სიტყვები კოტე მახარაძემ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დასრულების შემდეგ თქვა, როდესაც 1981 წელს თბილისის „დინამომ“, ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით, თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი“ 2:1 დაამარცხა.
უეფას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშიც წერია, რომ ამ ფრაზის გამო მახარაძე საბჭოთა უშიშროების კომიტეტმა გამოკითხა, რომ გაეგოთ, რომელ „ქვეყანას“ გულისხმობდა ის, რადგან ბევრმა ამ ფრაზაში საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა დაინახა.
ვნახოთ და მოვუსმინოთ კიდევ ერთ ლეგენდარულ კომენტატორს ეროსი მანჯგალაძეს კოტე მახარაძესთან ერთად და გავიხსენოთ კიდევ ერთი „ოქროს მატჩი“, რომელში გამარჯვებითაც თბილისის „დინამომ“ საბჭოთა ფეხბურთის ოლიმპო პირველად დაიპყრო.
1964 წელს „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა – ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატში მოსკოვის „ტორპედოსთან“ ერთად თანაბარი ქულები დააგროვა, რამაც გუნდს უფლება მისცა, დამატებით შეხვედრაში ჩემპიონობისთვის ებრძოლა. საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციის გადაწვეტილებით, 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გადამწყვეტი შეხვედრა დაინიშნა. „ოქროს მატჩში“ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველ ფეხბურთელთა მაღალი ოსტატობა – „დინამომ“ „ტორპედო“ 4:1 დაამარცხა და დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონის ტიტული.
კომენტარები