იტალიასაზოგადოება

იტალია „მეორე ფაზაში“ შედის, მთავრობის ახალი სლოგანი: „ცხოვრება ვირუსთან ერთად“

მოსალოდნელია, რომ 20 აპრილიდან მუშაობას დაიწყებს მოდის ინდუსტრია, სამშენებლო სექტორი და საავტომობილო წარმოება

ეპიდემიის ახალი სტატისტიკა იტალიაში 17 აპრილის საღამოსთვის, სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ასეთია: კიდევ 124-ით შემცირდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მოთავსებული პაციენტების რიცხვი და საერთო მაჩვენებელი ამ დროისთვის 2812-ს შეადგენს, მათგან 971 ლომბარდიაშია – 61-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. გასულ 24 საათში, ჩატარებული ტესტების შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 3493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 172 434-ს მიაღწია. გარდაიცვალა 575 პაციენტი კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით და მსხვერპლთა საერთო რიცხვი 22 745-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 42 727 პაციენტი (2563 პაციენტი გასულ 24 საათში).

იტალია კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის „მეორე ფაზაში“ შედის, რომლის დროსაც ადამიანთა შეკრების აკრძალვა ისევ ძალაში დარჩება. ამის შესახებ გამოცემა  „ილჯორნალე“ წერს.

4 მაისიდან საწარმოო საქმიანობის აღდგენის და მოქალაქეთა გადაადგილების ახალ წესებს დღეს კომიტეტის წევრები განიხილავენ, თუმცა 20 აპრილიდან უკვე შეიძლება „მწვანე შუქი“ აინთოს ბევრი კომპანიისთვის – მოდის ინდუსტრიიდან დაწყებული, საავტომობილო სექტორამდე, აგრეთვე, ზოგიერთი სამშენებლო ობიექტისთვის. მაგალითად, არსებობს ინფორმაცია, რომ მილანში მეტროს ხაზის მშენებლობა განახლდება. პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე არ ჩქარობს ახალი დეკრეტის ხელმოწერას, მას სურს, რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებებთან ჯერ დეტალები განიხილოს და ვიტორიო კოლაოს ხელმძღვანელობით მოქმედი კომისიის მოხსენება შეაფასოს. მთავრობის მიმართულებაა, განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედოს, რადგან ინფექციის გავრცელების ტემპი ნელა იკლებს და ადამიანები ისევ იღუპებიან.

ამ დროისთვის რაც დანამდვილებით ცნობილია, ის არის, რომ ეკონომიკის გადატვირთვა (რესტარტი) ერთდროულად არ მოხდება იტალიის მთელ ტერიტორიაზე, ამიტომ მხედველობაში მიიღება რეგიონის გუბერნატორების მოთხოვნები. მათ საფუძველზეც გასცემს ცენტრალური მთავრობა ნებართვას.

„ცხოვრება ვირუსთან ერთად“ – ეს იტალიის მთავრობის ახალი სლოგანია. მინისტრთა საბჭო ორშაბათს უნდა შეიკრიბოს რეგიონული კანონების, „აპრილის დეკრეტის“ ფინანსირებისთვის ბიუჯეტის დეფიციტის და ადმინისტრაციული არჩევნების გადატანის საკითხების განსახილველად.

მომავალ ორშაბათს გაიხსნება სხვადასხვა სახის სამშენებლო ობიექტები – განახლდება შენობების და სხვა ობიექტების მშენებლობა, რომლებსაც Inail-ის ცხრილის მიხედვით დაბალი ან საშუალო-დაბალი რისკის კოდი აქვს მინიჭებული. დარგები, რომელთა ამუშავების ნებართვას მთავრობა, დიდი ალბათობით, გასცემს, არის: ტექსტილი, მოდა, ავტომობილების, ავეჯის წარმოება და ტყავის ნაწარმის დამზადება, თამბაქოს მრეწველობა, ლითონის მადნის მოპოვება.

კომპანიები და მაღაზიები, რომლებიც გაიხსნება, ვალდებულები იქნებიან დაიცვან ძალიან მკაცრი განაწესი, რომელიც ეხება როგორც დალაგებას დეზინფექციით (დღეში ორჯერ), ისე დამცავ საშუალებებს: აუცილებელია სადეზინფექციო გელების დოზატორების არსებობა, თანამშრომლები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ნიღბებითა და ხელთათმანებით, აგრეთვე, დაცული უნდა იყოს შესვლის შეზღუდვა და ადამიანებს შორის არანაკლებ ერთი მეტრი დისტანცია დახურულ შენობაში; აუცილებელი მოთხოვნაა შემუშავდეს რეალური პროგრამა მომსახურე პერსონალის ცვლებში მუშაობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, თანამშრომლების დიდმა ნაწილმა, როცა ეს შესაძლებელია, უნდა იმუშაოს ონლაინ რეჟიმში,  ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ინფიცირების ინდექსი R0 ნულს არ გაუტოლდება.

გადაადგილების თავისუფლება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დელიკატური საკითხია, რომელიც განიხილება. მოსალოდნელია, რომ ძალაში დარჩება გადადგილების შეზღუდვა 70 წელზე მეტი და 18 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებისთვის, მაგრამ ყველა დანარჩენისთვის, ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, შემუშავდება მკაცრი აკრძალვები – დაუშვებელი იქნება ჯგუფურად შეკრება შენობაში ან მის გარეთ.

„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ახალგაზრდები დიდი ხალისით არ იკეთებენ პირბადეს, მაგრამ აშკარაა, რომ მოგვიწევს ზოგიერთ სიტუაციაში მათი ტარება აუცილებელი გავხადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ ქუჩაში გამოსვლას, რამდენადაც ვირუსის ბევრი უსიმპტომო გადამტანი არსებობს“, – ასეთ გაფრთხილებას იძლევა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პიერპაოლო სილერი. ორშაბათს მინისტრთა კომიტეტზე ამ საკითხსაც განიხილავენ. ოჯახის საქმეების მინისტრს ელენა ბონეტის სურს, რომ ბავშვებისთვის პარკები გაიხსნას, მაგრამ მთავრობა აპირებს, დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს, რადგან ინფექციის მეორე ტალღის ეშინია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close