ის მაინც იცავს! – მიკროსკოპულმა კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში დამზადებული პირბადე კორონავირუსისგან გვიცავს!
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა დიმიტრი კორძაიამ პირბადის შემადგენლობა მიკროსკოპულად შეისწავლა და Facebook-ზე მეცნიერული დასკვნა გამოაქვეყნა:
„მეგობრებო, მეც დავინტერესდი ქართული პირბადეების ანალიზით.
მიკროსკოპში დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქართული მარლის ძაფის სისქე შეადგენს დაახლოებით 80 მიკრონს (ამასთანავე, ის საკმაოდ „ბუსუსიანია“), ხოლო მარლის ფანჯრის შიდა კვადრატის (ე.წ. გამავალი ფანჯრის) გვერდის ზომა არ აღემატება 480-500 მიკრონს (ფოტო #1)
წვეთის ზომა, რომელშიც „ზის“ Covid-19 ვირუსი აღემატება 5 მიკრონს და მერყეობს ფართო ფარგლებში (ხშირად 100 მიკრონი და მეტია).
ქართული წარმოების პირბადე შეიცავს 12 ფენა მარლას. ამ ფენების ძაფების ურთიერთგადაფარვის შემთხვევაში, პრაქტიკულად არ რჩება 5 მიკრონის ზომის ნაპრალი. ალბათობის თეორიის სპეციალისტებს ვთხოვ, დაგვიანგარიშონ სხვადასხვა ზომის ნაპრალების დარჩენის შესაძლებლობის სიხშირე.
ფოტო #2 უჩვენებს მარლის 6 ფენის არსებობის დროს მიღებულ ვითარებას.
ფოტო #3 უჩვენებს მარლის 12 ფენის არსებობის დროს მიღებულ ვითარებას (შუქი ცუდად ატანს, რის გამოც ქვემო ფენების ძაფების გარჩევა, განსხვავებით #2 ფოტოსგან, ვეღარ ხერხდება).
ამდენად, ქართული წარმოების პირბადე მაინც იცავს!
p.s. მუშაობის არსებულ პირობებში უკეთესი მიკროფოტოგრამები ვერ გადავიღე, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.
კომენტარები