სააღდგომო ლიტურგიის შესახებ გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი
საპატრიარქო ხვალ იტყვის დაწვრილებით სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი სიტყვებით, სააღდგომო მსახურება აუცილებლად ჩატარდება.
„მსახურება ჩატარდება. დეტალებია შესათანხმებელი და დღეს ნაადრევი იქნება, რომ ვარაუდები გამოვთქვა, ყველას აინტერესებს ეს საკითხი, თუმცა ხვალამდე უნდა მოვიცადოთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი სიტყვებით, საპატრიარქოსთვის ცნობილია მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ და ცდილობენ ამ ზომების გათვალისწინებით აღასრულონ მსახურება.
ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, დაზუსტდება, როგორ მოხდება ღამით მსახურება ისე, რომ არ დაირღვეს კომენდანტის საათით გათვალისწინებული შეზღუდვები.
„დავაზუსტებთ, როგორ გავაკეთოთ ისე, რომ კანონი არ დავარღვიოთ. ერთმნიშვნელოვნად, ჩვენ მოვუწოდებთ მრევლს, რომ კანონი არ დაარღვიონ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საქართველოში 21 მარტიდან, მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, აიკრძალა 10 კაცზე მეტის ერთ სივრცეში შეკრება. მოგვიანებით კი შეიზღუდა 3 კაცზე მეტის ერთად შეკრება. ამ შემთხვევაშიც კი მოქალაქეებმა 2-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. წესების დარღვევის შემთხვევაში პოლიცია მოქალაქეს 3 ათასი ლარით დააჯარიმებს.
შემოღებული აკრძალვების მიუხედავად ეკლესიაში არ შეწყვეტილა წირვა. ერთ ჭერქვეშ ან ერთ ეზოში რამდენიმე ათეული ადამიანი იკრიბება. ამ დრომდე არაა ცნობილი, დააჯარიმა თუ არა პოლიციამ ვინმე საეკლესიო რიტუალზე ყოფნის დროს.
კომენტარები