კორონავირუსის ეპიდემია იტალიაში – ახალი მონაცემები
ჯერ ისევ პიკია, 636 ლეტალური შემთხვევა, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ავადმყოფთა რაოდენობა მესამე დღეა მცირდება
იტალიაში გასულ 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი საკმაოდ შემცირდა – დღევანდელი ზრდა +1941-ია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღეებთან შედარებით ნაკლები ტესტი ჩატარდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩატარებულ 8 ტესტზე, საშუალოდ, 1 პოზიტიური შემთხვევა მოდის. გამოჯანმრთელდა კიდევ 1022 ადამიანი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 22 837-მდე გაიზარდა. ახალი მონაცემები სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციულ საღამოს პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს.
მთლიანობაში იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან დაფიქსირებულია SARS-CoV2-ით ინფიცირების 132 547 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით.
გასულ 24 საათში ქვეყანაში 636 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა (კვირას ეს მაჩვენებელი 525 იყო) და მსხვერპლთა რაოდენობა 16 523 -მდე გაიზარდა.
იმ პაციენტთა რიცხვი, რომლებსაც რეანიმაციაში ათავსებენ, უკვე მესამე დღეა, მცირდება: ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 3898 პაციენტი წევს – 79-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ. მათგან 1343 ლომბარდიაშია. სულ აქტიური პაციენტების რაოდნობა 93 187-ია, რომელთაგანაც საავადმყოფოებში მოთავსებულია 28 976 (+27, ვიდრე გუშინ), სახლის პირობებში მკურნალობს 60 313 პაციენტი.
ლუკა რიჩელდი, პულმონოლოგი და ტექნიკური სამეცნიერო კომიტეტის (Cts) წევრი ამბობს, რომ 30 მარტიდან 6 აპრილამდე ჰოსპიტალიზებულ ახალ პაციენტთა რიცხვი 90%-ით შემცირდა, +409-იდან +27-მდე. „ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ასე უნდა გავაგრძელოთ, არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება და განგაში“, – აცხადებს რიჩელდი.
სპეციალისტების და მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, იტალია ჯერ კიდევ ეპიდემიის პიკის ფაზაში იმყოფება, თუმცა სიტუაცია დასტაბილურდა და ბოლო დღეებია, უკვე საუბრობენ ე. წ. „მეორე ფაზაზე“, როდესაც ქვეყანამ ნელ-ნელა „გახსნა“ უნდა დაიწყოს – არაოფიციალური მონაცემებით, სავარაუდოდ, ეს პროცესი მაისის პირველი რიცხვებიდან დაიწყება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები