საბერძნეთი: საკრუიზო ლაინერ „ელეფტერიოს ვენიზელოსის“ 120 მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა
საკრუიზო ლაინერ „ელეფტერიოს ვენიზელოსზე“, რომელიც საბერძნეთის პორტ პირეოსის მახლობლად 21 მარტიდან დგას კარანტინზე, კორონავირუსით ინფიცირების 120 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა სოტირის ციოდრასმა განაცხადა.
გემზე შემოწმდა ყველა ადამიანი – ეკიპაჟის 34 წევრი და სხვადასხვა ეროვნების 349 მეზღვაური, მათ შორის, ბერძნები, თურქები, უკრაინელები, ინდონეზიელები, ყაზახები და სხვ.
გემს თურქეთიდან თურქი სპეციალისტები გადაყავდა ესპანეთის ქალაქ კადისში საკრუიზო ლაინერ Royal Caribbean-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის. ხომალდი 7 მარტს გამოვიდა თურქეთის ქალაქ ჩეშმედან, თუმცა ესპანეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ დაიწყო და გემი უკან დაბრუნდა, მაგრამ მას თურქეთის პორტში შესვლის ნება არ დართეს. ამის შემდეგ კაპიტანმა საბერძნეთის პორტ პირეოსში გადაწყვიტა შესვლა (გემი საბერძნეთის დროშის ქვეშ ცურავს, რამდენიმე ხნის წინ კი ის თურქმა ბიზნესმენებმა დაიქირავეს). პორტის ადმინისტრაციამ ხოლმალდი ნავსადგურში არ შეუშვა და ის 21 მარტიდან კარანტინზე დგას პირეოსის მახლობლად.
პირველად გემზე კორონავირუსი 72 წლის შვეიცარიელ მეზღვაურს დაუდგინდა, შემდეგ – კიდევ 2 უცხოელ მეზღვაურს. მთელი ეკიპაჟის და მგზავრების შემოწმების შედეგად კი დღეისათვის 120 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოცემა lifo.gr-ს ინფორმაციით, გემზე მყოფი ადამიანები 3 ნაწილად არიან გაყოფილები: დაბალი, საშუალო და მაღალი საფრთხის ჯგუფებად. გამოცემა არ წერს, სად გადაიყვანენ კორონავირუსით ინფიცირებულ სხვადასხვა ეროვნების პაციენტებს.
ნინო ბაჯელიძე
ამ დროისთვის საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 1400-ს გადააჭარბა. დადასტურებულია COVID-19-ით გარდაცვალების 52 ფაქტი.
51-ე მსხვერპლი, 51 წლის მწვრთნელი კასტორიიდან, 4 შვილის მამა, თესალონიკის საავადმყოფოში გუშინ გვიან საღამოს გარდაიცვალა. ეს კასტორიაში უკვე მე-7 დაღუპულია.
52-ე გარდაცვლილი კი, მედიის ინფორმაციით, 78 წლის ქალია, პელადან (Πέλλα). ექიმების ინფორმაციით, მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები აწუხებდა და ამ ფონზე კორონავირუსის ინფექციასთან ბროლაში დამარცხდა.
კომენტარები