იტალია: 267 გარდაცვლილი ლომბარდიაში, 113-ით მეტი, ვიდრე გუშინ (ვიდეო)
არმიის შტაბის უფროსი კორონავირუსით დაინფიცირდა, ამბოხება მოდენის და ფროზინონეს საპატიმროებში
იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში – ლომბარდიაში ამ დროისთვის კორონავირუსის გამო 267 ადამიანია გარდაცვლილი, 113-ით მეტი – ვიდრე გუშინ. ეს ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ეპიდემიის დაწყების შემდეგ. მონაცემები ლომბარდიის რეგიონის სოციალური უზრუნველყოფის საკითხების მრჩეველმა ჯულიო გალერამ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში გამოაცხადა. მან აღნიშნა, რომ რეგიონში განსაკუთრებით მწვავე სიტუაციაა. ლომბარდიის დედაქალაქ მილანში ინფიცირების შემთხვევებმა 406-ს მიაღწია, რაც გუშინდელთან შედარებით 171-ით მეტია.
მთლიანად იტალიაში ამ დროისთვის გარდაცვალების 366 შემთხვევაა დაფიქსირებული – 133-ით მეტი, ვიდრე გუშინ. ამჟამად ინფიცირებულია 6 387 ადმიანი (1326-ით მეტი, ვიდრე გუშინ), გამოჯანმრთელდა 622 (33-ით მეტი, ვიდრე გუშინ). ახალი მონაცემები კომისარმა ბორელიმ პრესკონფერენციაზე ახლახან გამოაცხადა. გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით იტალიაში სულ 7375 ადამიანი დაინფიცირდა.
Alitalia 9 მარტიდან მილანის მალპენსას აეროპორტიდან ფრენას აჩერებს – ავიაკომპანიის მუშაობა შეწყდება ხვალ ნიუ-იორკიდან რეისი AZ605 -ის შესრულების შემდეგ – თვითმფრინავი მალპენსას აეროპორტში მილანის დროით 10.40 სთ-ზე ჩამოფრინდება. მალპენსადან მხოლოდ ნაციონალური ფრენები შესრულდება შეზღუდულ რეჟიმში, საერთაშორისო რეისები კი რომის გავლით განხორციელდება, – ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არმიის შტაბის უფროსი გენერალი სალვატორე ფარინა კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. გენერალმა დასძინა, რომ თავს კარგად გრძნობს და იზოლირებულ პალატაში იმყოფება.
საკმაოდ „დიდი ამბოხი“ მოხდა დღეს ნაშუადღევს მოდენის საპატიმროში. გავრცელებული პირველადი ინფორმაციით, ამბოხებაში ბევრი პატიმარი მონაწილეობდა, რის შედეგადაც საპატიმროს დაზიანებები მიადგა. ამბოხებულთა პროტესტის მთავარი თემა კორონავირუსისგან დაცვაა. დაძაბულობაა, აგრეთვე, ფროზინონეს ციხეში. ასობით პატიმარმა, რომლებსაც კორონავირუსით დაინფიცირების რისკი აშინებთ და სპეციალური ზომების გატარებას ითხოვენ, საკნები დატოვეს, სასეირნო ზონაში გავიდნენ და გალავნის კედლებზე აძვრნენ. მათი პროტესტი კორონავირუსისგან დაცვის მიზნით ოჯახის წევრებთან პაემნების გაუქმების შემდეგ დაიწყო.
იტალიის სამხრეთის რეგიონები მოითხოვენ, რომ ჩრდილოეთიდან, „წითელი ზონიდან“ ჩასული მოქალაქეები 2-კვირიან თვითიზოლაციაში მოთავსდნენ და მთავრობას შესაბამისი ზომის მიღებისკენ მოუწოდებენ.
მთავრობის ბრძანებულება ლომბარდიის და კიდევ 14 პროვინციის კარანტინის ზონად გამოცხადების შესახებ ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა და საკანონმდებლო ძალა შეიძინა.
ამასთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ტედროს ადანომ გებრეიესუსი იტალიის მთავრობის მიერ გატარებულ ზომებს მაღალ შეფასებას აძლევს. „იტალიის მთავრობა და მოქალაქეები გაბედულ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეანელონ კორონავირუსის გავრცელება და დაიცვან თავიანთი ქვეყანა და მსოფლიო. ისინი მსხვერპლს იღებენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს იტალიას და მზადაა მის მხარდასჭერად“, – აცხადებს გებრეიესუსი.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები