საბერძნეთიმიგრაციაპოლიტიკა

საბერძნეთის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა მიგრანტების წინააღმდეგ (ვიდეო)

რამდენიმე ასეული მიგრანტი საბერძნეთში გადასვლას ისევ შეეცადა

მე-6 დღეა საბერძნეთ-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე ფეთქებადსაშიში სიტუაცია სუფევს. საბერძნეთის პოლიციამ დღეს ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ასობით მიგრანტის წინააღმდეგ, რომლებიც თურქეთის მხრიდან ცდილობდნენ საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთას. ამის შესახებ სააგენტო REUTERS-ი იუწყება.

მისი მონაცემებით, შეტაკება დღეს დილით მოხდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „კასტანიესთან“ ევროსის რაიონში.

ასობით ადამიანი შეეცადა საზღვრის გადაკვეთას მიუხედავად იმისა, რომ ისინი საბერძნეთის მხრიდან გააფრთხილეს არაბულ და სხვა ენებზე, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაკეტილი იყო.

გამოცემა naftemporiki.gr -ს ინფორმაციით, მიგრანტების ნაწილმა საბერძნეთის პოლიციის ძალებს სხვადასხვა საგნის და ცრემლმდენი გაზის ხელყუმბარების სროლა დაუწყო, რის შემდეგაც ბერძნულმა მხარემ ასევე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა მათ წინააღმდეგ.

მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაცია საბერძნეთ-თურქეთის საზღვართან მკვეთრად გამწვავდა 28 თებერვალს – მას შემდეგ, რაც ანკარამ მიგრანტებისთვის საზღვრები გახსნა იმის გამო, რომ „ევროკავშირი არ ეხმარება თურქეთს მის მოქმედებებში სირიის პროვინცია იდლიბში“.

28 თებერვალს Reuters-ი თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ანკარამ მიიღო გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს სირიელი დევნილები, რომლებიც თურქეთიდან ცდილობენ ევროპაში მოხვედრას როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზით. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სირიის პროვინცია იდლიბში 36 თურქი ჯარისკაცის დაღუპვას. ორშაბათს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „ევროპისკენ გაემართა ასობით ათასი მიგრანტი, უახლოეს მომავალში კი მათი რიცხვი მილიონებს მიაღწევს“.

მიგრაციული კრიზისის გამწვავების დროს, 2016 წლის მარტში ბრიუსელმა და ანკარამ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თურქეთმა ევროკავშირთან თავისი საზღვრები მიგრატებისთვის დაკეტა, ევროკავშირმა კი ამის სანაცვლოდ თურქეთს 6 მილიარდი ევრო გადაუხადა. ევროკავშირი ანკარას უვიზო რეჟიმსაც დაჰპირდა, თუმცა ეს დაპირება არ შეასრულა და თურქეთს ჯერ თავისი ანტიტერორისტული კანონმდებლობის გადახედვა მოსთხოვა.

ამ დროისთვის თურქეთის ტერიტორიაზე 3,5 მლნ მიგრანტია, რომელთაც ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრა სურთ.

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: საბერძნეთის პოლიციის სპეცრაზმმა მიგრანტების შესაკავებლად გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close