COVID-19, დაიჯესტი: იტალიაში ინფიცირებულია 528 ადამიანი, გარდაიცვალა 14
რომელ ქვეყნებში დაფიქსირდა კიდევ COVID-19-ის პირველი შემთხვევები? ჩინეთში გარდაცვალების უპრეცედენტოდ დაბალი - 29 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიაში ამ დროისთვის 528-მდე გაიზარდა, 14 ადამიანი გარდაიცვალა – განაცხადა სამოქალაქო დაცვის მეთაურმა ანჯელო ბორელიმ პრესკონფერენციაზე. ამის შესახებ „ანსა“ წერს.
უწინდებურად ინფიცირებულთა უდიდესი ნაწილი ლომბარდიაზე მოდის, რომელიც ბოლო ერთი კვირაა, ვირუსის აფეთქების ცენტრად იქცა. ბორელის თქმით, რეგიონებიდან ISS-ში (ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტი) 282 ანალიზი გაიგზავნა განმეორებითი ტესტირებისთვის და ყველა შემთხვევაში ვირუსი ისევ დადასტურდა. მისივე ინფორმაციით, ლომბარდიაში 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გუშინ საღამოს რეგიონის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ თავის ფეისბუქის ეთერში განაცხადა, რომ შინაკარანტინში იქნება ორი კვირის განმავლობაში, რადგან მის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა. ამასთან, ფონტანამ აღნიშნა, რომ თვითონ ინფიცირებული არ არის.
გუშინ პირველი შემთხვევა გამოვლინდა იტალიის სამხრეთ რეგიონ აპულიაში (იტ. პულია). ინფიცირებულია 43 წლის მამაკაცი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთიდან დაბრუნდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტარანტოს პროვინციაში სკოლები დაკეტა.
ოთხშაბათს სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ანჯელო ბორელიმ განაცხადა, რომ ლაციოში 3 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულად ითვლება – უჰანიდან ევაკუირებული 29 წლის იტალიელი მამაკაცი და 2 ჩინელი ტურისტი – ცოლ-ქმარი, რომლებიც რომში სპალანცანის საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
მისივე თქმით, ვირუსის მსხვერპლი გახდა 14 ადამიანი – ხანდაზმულები, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.
ლომბარდიის 10 ქალაქი და ვენეტოს რეგიონის ერთი ქალაქი კვლავინდებურად სრულ იზოლაციაშია. ლომბარდიაში, ვენეტოში, ემილია-რომანიაში, ლიგურიაში, ფრიული ვენეცია-ჯულიაში სერიოზული საკარანტინო ზომები მოქმედებს – კერძოდ, დაკეტილია მუზეუმები, თეატრები, სკოლები, სპორტული დარბაზები და გასართობი დაწესებულებები; გაუქმდა ყველა საჯარო ღონისძიება და სპორტული შეჯიბრება. ქვეყნის პირველობის მატჩები ფეხბურთში მაყურებლის გარეშე ჩატარდება, რაც სერიოზულ პოლემიკას იწვევს ჩემპიონატის შედეგთან დაკავშირებით.
იტალიაში ინფიცირებულთა შორისაა უკრაინის მოქალაქე – 26 ახლგაზრდა ქალი, რომელიც კრემონაში მუშაობდა. იგი ამჟამად ნეაპოლის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. განმეორებითი ტექსტის პასუხს ელოდებიან რომის სპალანცანის ინსტიტუტიდან. ეს უკრაინის მოქალაქის ინფიცირების პირველი შემთხვევაა. მისი ნათესავებიც, რომლებთანაც კონტაქტში იყო, აგრეთვე, კარანტინში იმყოფებიან.
ვირუსის ახალი მსხვერპლის – 75 წლის იტალიელი ქალის მოლდოველი მომვლელი საავადმყოფოში აღმოჩნდა ვირუსით ინფიცირებაზე ეჭვის გამო. ამის შესახებ Corriere del Veneto წერს. მომვლელი ქალის ანალიზის პასუხი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. თუ ქალს ვირუსი დაუდასტურდა, ეს მოლდავეთის მოქალაქის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა იქნება.
ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა ისრაელის მოქალაქეს, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა სამშობლოში. მანამდე ისრაელის 4 მოქალაქე დაინფიცირდა საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე იაპონიის სანაპიროსთან.
უკანასკნელ რამდენიმე საათში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა:
პირველი შემთხვევა გამოვლინდა დანიაში: საუბარია ტელეარხ TV 2-ის თანამშრომელზე, რომელიც გასულ კვირაში ოჯახთან ერთად იტალიის ჩრდილოეთში სამთო-სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა. იგი სახლში ორშაბათს დაბრუნდა, სიმპტომები ოთხშაბათს დილით გამოუვლინდა და სუთშაბათს საღამოს ტესტის პასუხმა კორონავირუსით ინფიცირება დაადასტურა. მამაკაცი შინაიზოლაციაში იმყოფება. მის ცოლს და შვილს ვირუსი არ გამოუვლინდათ.
ახალი ვირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა ნორვეგიამაც. ინფიცირებული მოქალაქე ქვეყანაში ჩინეთიდან დაბრუნდა გასულ შაბათ-კვირას.
პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ესტონეთში – ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საუბარია ირანის მოქალაქეზე, რომელიც ესტონეთში ცხოვრობს. იგი ირანში იმყოფებოდა და გუშინ საღამოს დაბრუნდა ესტონეთში.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა რუმინეთში – ამის შესახებ წუხელ საგანგებო პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ამ შემთხვევაში საუბარია რუმინეთის მოქალაქეზე, რომელსაც დაინფიცირებულ იტალიელთან (ქალაქ რიმინიდან) ჰქონდა კონტაქტი. რუმინელის მდგომარეობა სტაბილურია და მას სიმპტომები ჯერჯერობით არ აღენიშნება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაშიც. ინფიცირებული 72 წლის მამაკაცია, რომელიც ვენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. მანამდე, 25 თებერვალს ავსტრიის ფედერალურ მიწა ტიროლში გამოვლინდა 2 შემთხვევა – ორივე იტალიის მოქალაქეა. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
იაპონიაში 2 მარტიდან ყველა სკოლაში შეწყდება სწავლა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით – ან მარტის შუა რიცხვებამდე, ან მარტის ბოლომდე – პრეფექტურების მიხედვით. ჩრდილოეთის პრეფექტურა ჰოკაიდოსა და დასავლეთის ქალაქ ოსაკაში სკოლები უკვე დაიკეტა.
15 მარტამდე შეაჩერეს მუშაობა იაპონიის სახელმწიფო თეატრებმა და მუზეუმებმა, აგრეთვე, 10 მარტამდე აღარ გამართავს წარმოდგენებს იაპონური ტრადიციული „კაბუკის“ თეატრი.
ამ დროისთვის იაპონიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 900-ს აჭარბებს, 8 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა უმეტესობა (705) საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ის მგზავრები და ეკიპაჟის წევრები არიან, რომელიც 3 თებერვლიდან იოკოჰამას პორტში დგას. ამ დროისთვის გემზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები და მომსახურე პერსონალი იმყოფებიან, რომელთაც კორონავირუსი არ აქვთ და რომლებმაც ლაინერის ბორტის დატოვება დღეს დაიწყეს. უსაფრთხოების მიზნით, ისინი 14-დღიან კარანტინის გაივლიან.
ვირუსი სწრაფად ვრცელდება სამხრეთ კორეაში – უკვე 1600-მდე ინფიცირებულია, გარდაიცვალა 12 ადამიანი. სამხრეთ კორეის მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ამ დროისთვის პეტიციას უკვე მოაწერა ხელი 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა. სამხრეთ კორეაში ეპიდმიის აფეთქების კერაა ქალაქი ტეგუ, შემთხვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც – სეულში. მოქალაქეების აზრით, ქვეყნის პრეზიდენტმა ვერ უზრუნველყო დროულად ზომების მიღება სამხრეთ კორეაში ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
ჩინეთი
აუცილებელი არ არის, ახალი კორონავირუსის წყარო ჩინეთის ტერიტორიაზე იყოს მიუხედავად იმისა, რომ დაავადება პირველად ამ ქვეყანაში დაფიქსირდა, – ამის თაობაზე ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ჩჟუნ ნანშანმა განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროგნოზების და ვარაუდების დროს კორონავირუსთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ჩინეთზე კეთდება აქცენტი და სხვა ქვეყნებს არ განიხილავენ, რაც არასწორია… „ეპიდემიის აფეთქება ჩინეთში დაიწყო, თუმცა აუცილებელი არ არის, რომ ვირუსი ჩინეთის ტერიტორიაზე წარმოშობილიყო“, – თქვა მან და დასძინა, რომ „კორონავირუსის პირველწყარო ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა არსებობს ალბათობა, რომ მათი პირდაპირი გამავრცელებლები ღამურები არიან, ირიბი კი – პანგოლინები“.
ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 433 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 ადამიანი, რაც იანვრიდან მოყოლებული, უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელია. 26 ლეტალური შემთხვევა ჰუბეის პროვინციაზე მოდის, 1 ადამიანი პეკინში დაიღუპა, ორი – კიდევ 2 სხვა პროვინციაში. პროცენტულად განუხრელად იზრდება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და მცირდება მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა რიცხვი.
მსოფლიო ტურიზმის ზარალი
ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მსოფლიო ტურიზმს კორონავირუსის გამო უკვე მიადგა 22 მლრდ დოლარის ზარალი – ამის თაობაზე ტურიზმისა და მოგზაურობის მსოფლიო საბჭოს თავმჯდომარემ გლორია გევარამ გაზეთ „ელ მუნდოსთან“ ინტერვიუში განაცხადა. გევარამ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ „ჩინეთის მოქალაქეები – ეს ის მოგზაურები არიან, რომლებიც ყველაზე მეტ თანხას ხარჯავენ, სადაც ჩადიან“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოსა (თბილისი) და საბერძენთში (თესალონიკი).
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები