100-კაციანმა ჟიურიმ ნუცა ბუზალაძის შესრულება 99 ქულით შეაფასა და პირველი ადგილიც მიანიჭა (ვიდეო)
„თავს მაშინ ვგრძნობ ბედნიერად, როცა სცენაზე ვმღერი“, - ამბობს 23 წლის მომღერალი
ქარიზმატულმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ ამჯერად მონაწილეობა მიიღო რუსული მუსიკალური შოუს „НУ-КА, ВСЕ ВМЕСТЕ!“ ახალ სეზონში.
100-კაციანმა ჟიურიმ, რომელშიც მომღერლები, კომპოზიტორები, პროდიუსერები, მუსიკალური ბლოგერები, ვოკალის პედაგოგები, მუსიკათმცოდნეები და, უბრალოდ, მუსიკის მოყვარულები შედიან, ნუცას შესრულება 99 ქულით შეაფასა და პირველი ადგილიც მიანიჭა.
ეს მუსიკალური შოუ ბრიტანული All together now-ს ადაპტაციაა. პროექტი 2018 წელს პირველად გამოჩნდა BBC-ზე და უკვე იქცა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ინგლისურ ფორმატად. სხვადასხვა ქვეყანაში უკვე არსებობს ამ ფორმატის 14 ვერსია.
ნუცა პატარაობიდან მღეროდა სხვადასხვა პროექტში. მისი პირველი სატელევიზიო წარმატება ტელეპროექტ „ნიჭიერს“ უკავშირდება. მაშინ სულ რაღაც 13 წლის იყო, მაგრამ საზოგადოებას მისი შესრულება დღემდე ახსოვს.
თუმცა სცენაზე 5 წლიდან დგას, ჯერ იყო „მართვე“, შემდეგ – „მზიური“…
კონკურსში პირველად რვა წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა – საერთაშორისო პროექტში „ხმა საქართველოდან“ ლაურეატის წოდება მიანიჭეს. შემდეგ იყო პროექტი „ანა-ბანა“. კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმა სპეციალურად მისთვის დაწერა სიმღერა, სახელწოდებით – In My Dreams.
14 წლის ასაკში ნუცამ სწავლა დაიწყო Georgian Dream Studio-ში, სადაც ქასტინგის საშუალებით შეარჩიეს. ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა სპეცილაურად ამერიკიდან ჩამოყვანილ პედაგოგებთან და ეუფლებოდა ვოკალს, ცეკვასა და სასცენო შესრულებას. ასევე, გაიარა მუსიკის თეორიისა და ისტორიის სპეციალური კურსი.
ნუცა ბუზალაძემ უცხოელი პედაგოგებისგან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და 16 წლის ასაკში მიიწვიეს პროექტში „ერთი-ერთში“. ის მსოფლიოში ამ პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე გახდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.
17 წლის ასაკში ნუცამ პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ „ჯორჯიას“ შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო. ის ასევე დასახელდა პროექტის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულად.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო პროექტის დატოვება მოუხდა. ნუცა ასევე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“.
კიდევ ერთი საერთაშორისო კონკურსი თურქული პოპულარული შოუ „ახალი ხმაა“ – ნუცას სიმღერის დროს ოთხივე მენტორი მობრუნდა. პრესა მომღერალს წარმატებას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა ის პროექტში მხოლოდ ნახევარფინალამდე მივიდა.
უშიშარმა კონკურსანტმა ამჯერად ნამდვილი ფურორი რუსულ მუსიკალურ შოუში „НУ-КА, ВСЕ ВМЕСТЕ!“ მოახდინა. მან პროექტში შეასრულა სიმღერა What’s Up?
„თავს მაშინ ვგრძნობ ბედნიერად, როცა სცენაზე ვმღერი“, – ამბობს 23 წლის მომღერალი და ამ ბედნიერების განცდით ჟიურისაც და მაყურებელსაც ნუსხავს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები