იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა
ლომბარდიაში - 38, ვენეტოში - 12, პიემონტში - ერთი დადასტურებული შემთხვევა; 2 ადამიანი გარდაიცვალა
ახალი ტიპის კორონავირუსით – COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ იტალიაში 50-ს გადააჭარბა. ამის თაობაზე ჩრდილოიტალიური რეგიონის, ლომბარდიის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ მილანში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იტყობინება ANSA.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის კორონავირუსზე ლომბარდიაში ჩატარებული ტესტების შედეგები 39 შემთხვევაში დადებითია. ყველა ინფიცირებული ქალაქ ლოდისგან სამხრეთით მდებარე ზონაში ცხოვრობს. ფონტანამ, აგრეთვე, განაცხადა, რომ, მისი მონაცემებით, მეზობელ ვენეტოს რეგიონში (ადმ. ცენტრი – ვენეცია) ახალი ტიპის კორონავირუსით ამ დროისთვის ინფიცირებულია 12 პაციენტი. ერთი შემთხვევა დაფიქსირდა პიემონტში.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გამო კოდონიოში (ლომბარდია) 78 წლის მამაკაცი გარდაიცვალა; ამჟამად კოდონიოს ზონაში (რომლის მოსახლეობა 15 900 კაცამდეა) მთლიანობაში იზოლირებულია 250 ადამიანი და მათი ტესტების პასუხებს ელოდებიან. ვირუსის გავრცელების გამო კოდონიოსა და კიდევ 9 მეზობელ დასახლებულ პუნქტში მოსახლეობას სთხოვეს, თუ აუცილებლობა არ არის, საცხოვრებელი სახლები არ დატოვონ. ამ რაიონში აიკრძალა ნებისმიერი მასობრივი და სპორტული ღონისძიებები, სერიოზულად არის შეზღუდული კომერციული საქმიანობაც.
იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა იანვრის ბოლოს დაფიქსირდა: ვირუსი დაუდგინდათ ჩინელ ტურისტებს – ცოლ-ქმარს და ისინი დღემდე რომის სპალანცანის საავადმყოფოში იმყოფებიან. დღეს ცნობილი გახდა, რომ მამაკაცის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უკვე უარყოფითია. უარყოფითი აღმოჩნდა მკურნალობის შემდეგ ჩატარებული ტესტის პასუხი 29 წლის იტალიელის შემთხვევაში, რომელიც რომში ჩინეთის ქალაქ უჰანიდან 3 თებერვალს ჩამოიყვანეს სპეცციალური რეისით, სხვა თანამოქალაქეებთან ერთად. მამაკაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული და სპალანცანის ჰოსპიტალში მკურნალობდა. მის შემთხვევაში დაავადება მთელი ამ ხნის განმავლობაში (7 თებერვლიდან) მსუბუქად მიმდინარეობდა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიისგან იტალიაში მეორე პაციენტიც გარდაიცვალა – 70 წელს გადაცილებული ქალი.
იტალიაში დაფიქსირებული 2 ლეტალური შემთხვევის ჩათვლით, ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ფაქტი ფიქსირდება (ერთი პაციენტი, 80 წლის ჩინელი ქალი, ორი კვირის წინ გარდაიცვალა საფრანგეთში).
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები