პირველი ქართველი ავიატორის დაუჯერებელი ისტორია
არსებობს ვერსია, რომ ბესარიონ ქებურიამ გამოცდის ჩაბარების დროს პირველმა შემოუფრინა ეიფელის კოშკს...
პირველ ქართველ ავიატორს – ბესარიონ ქებურიას 15 თებერვალს 150 წლის იუბილე შეუსრულდა. ფრენები საბურთალოს გორაკებზე, სწავლა პარიზის საფრენ სკოლაში, კატასტროფა შავ ზღვაზე და სხვა ისტორიები, რომლებიც ცოტა ადამიანმა თუ იცის.
„ბილეთებს ყიდდნენ და ხალხიც უყურებდა, როგორ დაფრინავდა დიდი ჩიტი ცაში, თან დრაკონივით ცეცხლს აფრქვევდა“, – ამბობს ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ზაურ ჯალაღონია.
ბესარიონ ქებურია ჩხოროწყუში დაიბადა, გლეხის ოჯახში. ჯერ ბავშვი იყო, როცა მეჯოგეებს ფოთში გაჰყვა და ისე მოიხიბლა მატარებლით, რომ რკინიგზის მშენებლობაზე სამუშაოდ დარჩენა გადაწყვიტა. მოგვიანებით ბესარიონ ქებურია პეტერბურგის საგზაო-საინჟინრო სასწავლებელს დაამთავრებს და მალევე ჩაუყრის საფუძველს ქართულ ავიაციას.
1908 წელს, როცა პლანერი თავისი ხელით გააკეთა, საბურთალოს გორაკებზე ვარჯიშობდა. 200-მეტრიანი ნახტომები გამოსდიოდა, მაგრამ უფრო დიდი მანძილისთვის ძრავა იყო საჭირო.
909 წელს, როცა ფრანგმა ავიატორმა ლუი ბლერიომ საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანით ლა-მანშის სრუტეს გადაუფრინა, შთაგონებულმა ბესარიონმა თუ რამე ჰქონდა გაყიდა და პარიზის საფრენოსნო სკოლაში ჩააბარა და გახდა პირველი ლიცენზირებული მფრინავი საქართველოში.
მფრინავის შვილიშვილი გიორგი ქებურია იხსენებს, რომ ერთხელ ფრენისას ბესარიონი ზღვაში ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ იხრჩობოდა, ძრავისთვის ხელი მაინც არ გაუშვია – იცოდა, ხელმეორედ შეძენას ვეღარ გასწვდებოდა.
„თვითმფრინავს ისევ ააწყობდა თავისი ხელით, მაგრამ ძრავას საფრანგეთიდან იწერდა ხოლმე. ძვირი იყო, ამიტომ მუხლებით ეჭირა ზღვაში. ერთხელ ისეც მოხდა, რომ მუშთაიდის თავზე გაუჩერდა ძრავა. ორი ხე დაინახა და მათ შორის გაჭედა თვითმფრინავი“, – ამბობს გიორგი ქებურია.
პირველი თვითმფრინავები მსუბუქი და მარტივი კონსტრუქციის იყო, ქარიან ამინდში ადვილად ყირავდებოდა და პილოტსაც ხშირად უხდებოდა დაბეჟილობისა თუ მოტეხილობის მკურნალობა. აქ გამოადგა დედის, ეკატერინე ჯობავას ხელობა, რომელმაც სახალხო მედიცინა იცოდა და შვილსაც შეასწავლა.
ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით აშენდა პირველი აეროდრომები თბილისში, ბაქოში, სოხუმში, ბათუმში, დაიგეგმა საჰაერო ტრასები (ბაქო-თბილისი-სოხუმი-სოჭი-მოსკოვი, ბაქო-თბილისი-ქუთაისი-სოხუმი). 50-იან წლებში ჩხოროწყუში რომ დაბრუნდა, ერთი აეროდრომი იქაც გახსნა. თბილისი-ჩხოროწყუსა და ქუთაისი-ჩხოროწყუს რეისებზე ე. წ. „კუკურუზნიკები“ დაფრინავდა, მაგრამ კომერციულად მომგებიანი არ იყო და ფრენებიც შეწყდა.
„საზღვარგარეთ ავიაციის მუზეუმში ტურისტს შეუძლია შეუკვეთოს და იქვე შემოუფრინოს არე-მარეს. ჩხოროწყუში პატარა თვითმფრინავით, ან ვერტმფრენით რომ აფრინდეს ტურისტი, იქ საოცარი ხედებია: ლებარდე, ოცინდალე… შეიძლება ეს ადგილი ტურისტული კუთხით მიმზიდველი გახდეს“, – ამბობს გიორგი ქებურია, რომელიც დარდობს, რომ მუზეუმისთვის ფული დღემდე არ მოიძებნა.
დღემდე ვერც ის მოხერხდა, რომ ადგილი შეეცვალათ ბესარიონ ქებურიას ძეგლისთვის, რომელიც ძველი აეროპორტის წინ დგას. მას შემდეგ, რაც აეროპორტი გადაიტანეს, ძეგლი ტრიალ მინდორზე დარჩა.
radiotavisupleba.ge
კომენტარები