იტალიაnewsსაზოგადოება

იტალიის 56 მოქალაქე უჰანიდან დაბრუნდა, 57-ე ბორტზე არ აიყვანეს

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების „ბოინგი 767“, რომლის ბორტზე იტალიის 56 მოქალაქე იმყოფებოდა, ჩინეთის ქალაქ უჰანიდან იტალიაში, პრატიკა დი მარეს (Pratica di Mare) სამხედრო აეროპორტში 3 თებერვალს დილით ჩამოფრინდა. ამის თაობაზე „კორიერე“ იტყობინება.

აეროპორტიდან იტალიის მოქალაქეები სამხედრო ქალაქ ჩეკინიოლაში (Cecchignola, რომის პროვინცია) წაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან. ექიმების ცნობით, არცერთი მათგანი ავად არ არის და ჯერჯერობით ვირუსის არანაირი ნიშანი არ აქვთ.

როგორც ადრე გავრცელდა ინფორმაცია, იტალიის 70 მოქალაქიდან, რომლებიც ჩინეთის 11-მილიონიან ქალაქ უჰანში იმყოფებოდნენ, 56-მა გამოთქვა იტალიაში დაბრუნების სურვილი. გამოცემის ცნობით, 57-ე მოქალაქე (17 წლის), რომელსაც სიცხე ჰქონდა, ბორტზე არ აიყვანეს.

სააგენტო „ანსას“ ცნობით, დაბრუნებულ 56 მოქალაქეს შორის არის 21 წლის რიკარდო ანკორა კორმონსიდან (გორიციის პროვინცია), რომელიც პეკინში აღმოსავლური ენების სასწავლად იმყოფებოდა და უჰანში ჩინურ ოჯახს ესტუმრა, რომელმაც მას წინა წლებში უმასპინძლა პროექტ „ინტერკულტურის“ ფარგლებში. მისი თქმით, უჰანში შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად მაცხოვრებლები ცდილობენ, დაიცვან ყველა მითითება და ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალონ. რიკარდოც, თავის 55 თანამემამულესთან ერთად, 14-დღიანი კარანტინის შემდეგ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება.

როგორც ცნობილია, იტალიაში ახალი ჩინური კორონავირუსით ინფიცირების 2 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები არიან ჩინელი ტურისტები – ცოლ-ქმარი, რომლებიც რომში სპალანცანის საავადმყოფოში იზოლირებულ პალატაში გადიან მკურნალობას. იტალიამ ჯანდაცვის სფეროში საგანგებო ზომები გამოაცხადა 6 თვიანი ვადით, ამასთან, ჩინეთთან ავიამიმოსვლაც შეაჩერა.

იტალიური მედიის ცნობით, ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის, სპალანცანის 2-მა მეცნიერმა ახალი ჩინური კორონავირუსის შტამის გამოყოფა შეძლო, რაც ხელს შეუწყობს დაავადების მიმდინარეობის მექანიზმის კვლევას ეფექტიანი მკურნალობის განვითარებისა და ვირუსის საწინაააღმდეგო ვაქცინის შესაქმენლად.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close