თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარეისი გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს.
დღე, 25 იანვარსს თბილისში ჩინეთიდან, ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრინავი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ განუცხადა, რეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
ამასთან, სააგენტოში განმარტავენ, რომ გაუქმებულია პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი ავიარეისები.
ჩინეთში ახალი წელი დღეს, 25 იანვარს დაიწყო.
აღმოსავლური კალენდრით ჩინეთში ახალი წელი ანუ გაზაფხულის ფესტივალი ჩინურ ტრადიციულ დღესასწაულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის მოიცავს 15 დღეს, დღესასწაულთა მთელ სერიას, დაწყებული ახალი წლის დადგომიდან და დამთავრებული ფარნების ფესტივალით.
თუმცა წელს პეკინში და სხვა დიდ ქალაქებში საახალწლო ღონისძიებები გაუქმებულია. ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული. არ გაიმართება ტრადიციული საახალწლო ბაზრობები და გრანდიოზული, კოსტუმირებული ქუჩის ღონისძიებები. პეკინის ცენტრში დაიხურა ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობა, უზარმაზარი სასახლის კომპლექსი „აკრძალული ქალაქი“. დაკეტილია Disneyland-ის პარკი, სხვა ტურიატული და სპორტული ობიექტები, მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები…
საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადებულია 24 რეგიონში, სადაც მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს. სრულ იზოლაციაშია 13 ქალაქი, მათ შორის, ქალაქი უჰანი, საიდანაც ინფექციამ გავრცელება დაიწყო.
კომენტარები