ISTAT: ბებიები და პაპები 7 მილიონზე მეტ იტალიურ ოჯახს სიღარიბისგან იცავენ
7,4 მლნ იტალიური ოჯახი ანუ დაახლოებით ყოველი მესამე ოჯახი პაპების და ბებიების პენსიაზე ცხოვრობს. საქმე ისაა, რომ სწორედ იმ პენსიონერების მიერ აღებული პენსიები, რომლებიც იტალიურ შინამეურნეობებში (ოჯახებში) ცხოვრობენ, ამ ოჯახების შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამის შესახებ, ISTAT-ზე დაყრდნობით, იტალიური მედია წერს.
ეს ფაქტია, რომელიც ბევრ რამეზე მეტყველებს: პირველ რიგში, იტალიის მოსახლეობის დაბერების შეუქცევად პროცესზე, აგრეთვე, იმაზეც, თუ რამდენად რთულია დღეს იტალიაში სიტუაცია შრომითი მოწყობის მხრივ.
როგორც სტატისტიკის ნაციონალური ინსტიტუტი – Istat-ი თავის მოხსენებაში აღნიშნავს, „დაბალშემოსავლიან ოჯახებში პენსიონერის არსებობა თითქმის ორჯერ ამცირებს სიღარიბის რისკს“.
იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს გადიან პენსიაზე, მუშაობა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში დაიწყეს და შრომითი სტაჟი სრულიად სხვა სამყაროში დააგროვეს. Istat-ი გარკვევით განმარტავს, რომ „პენსიების მოცულობა, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ეტაპებზე დაგროვდა, ნელ-ნელა იზრდება“, თუმცა ყველას როდი შეუძლია დიდი პენსიის იმედი ჰქონდეს: იტალიელ პენსიონერთა 36,3%-ს თვეში ათას ევროზე (ბრუტო) ნაკლები პენსია აქვს, ხოლო იტალიელ პენსიონერთა 12,2%-ის პენსია 500 ევროს არ აღემატება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები