რომში მოძრაობა „სარდინების“ მასშტაბური აქცია გაიმართა – აპოლიტიკური მოძრაობა სალვინის ანტიმიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ
რომში მოძრაობა „სარდინების“ ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა. ამის შესახებ DEUTSCHE WELLE წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს პარტია „ლიგის“ და მისი ლიდერის, იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინის საწინააღმდეგოდ შექმნილი მოძრაობის ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაცია იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას 100 000 ადამიანი დაესწრო.
მოძრაობას საფუძველი 14 ნოემბერს ჩაეყარა, როცა ოთხმა აქტივისტმა სალვინის პარტიის ანტიმიგრაციული პოლიტიკის გაპროტესტება გადაწყვიტა. ყველასთვის მოულოდნელად, ღონისძიებას 15 000 ადამიანი დაესწრო. ამან მოძრაობის სახელწოდება განაპირობა – აქციის მონაწილეები მოედანზე ისე მჭიდროდ იყვნენ განლაგებულები, როგორც სარდინები – ქილაში.
მოძრაობა ასევე აპროტესტებს მაფიას, კლიმატის ცვლილებას და იტალიაში სიღარიბეს. „სარდინები“ არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებიან, დემონსტრაციაზე კი ცნობილ ანტიფაშისტურ სიმღერას – Bella Ciao ასრულებენ.
მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი მატია სანტორი იმედოვნებს, რომ პროტესტის ასეთი ფორმა აქტივისტებს, პოლიტიკური პარტიების წევრებისგან განსხვავებით, პროტესტის უფრო თავისუფალი და სპონტანური გამოხატვის საშუალებას მისცემს.
წყარო: imedinews.ge
Bella Ciao „სარდინების“ ერთ-ერთ აქციაზე:
კომენტარები