რას არ გაიგებ/ფაქტებისხვა

ბუნებრივი და ხელმისაწვდომი სასუქები ოთახის მცენარეებისთვის

ოთახის მცენარეები ჩვენს ბინებს სიმყურდოვესა და სიხარულს მატებენ. ცხადია, ყველას გვინდა, რომ ისინი ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურებოდნენ, რას არ ვაკეთებთ ამისათვის: ადგილს ვუცვლით, ახალ ქოთანში გადაგვაქვს, მიწას ვანოყიერებთ და მრავალი სხვა.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ ჩვენ ირგვლივ არსებული სასუქად ვარგისი ეკოლოგიურად სუფთა ნივთიერებების შესახებ, რომლებიც ოთახის მცენარეებს დაეხმარება ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურებოდნენ.

 

ყავის ნალექი

ძალიან მოსახერხებელია ყავის ნალექის გამოყენება მიწის განაყოფიერებისთვის, ის სასარგებლოცაა და დამატებით ხარჯებს არ მოითხოვს. ყავის დალევის შემდეგ დარჩენილი ნალექი ქოთნის მიწას შეურიეთ, ამის შედეგად ის მსუბუქი და ფხვიერი გახდება. ყავის ნალექი ნიადაგის მჟავიანობას ზრდის და ხელს უშლის მავნებლების განვითარებას. ასეთი სასუქი შესაფერისია იმ მცენარეებისთვის, რომლებსაც მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგი სჭირდებათ, მაგალითად, როდოდენდრონებს, ვარდს, კამელიას, ჰორტენზიასა და აზალიას.

 

ხახვის ფურცელი

ერთი მუჭა ხახვის ფურცელს დაასხით 1,5 ლიტრი წყალი, ადუღეთ 7-8 წუთის განმავლობაში და გააცივეთ. ამგვარი ხსნარით შეიძლება განაყოფიერდეს არა მხოლოდ ნიადაგი, არამედ ფოთლებიც შეგიძლიათ გაწმინდოთ, რადგან ის შესანიშნავად გამოდგება დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

ხახვის ფურცლების ნახარში ზრდის მცენარეთა მედეგობას სხვადასხვა დაავადების მიმართ, ასრულებს ანტიოქსიდანტის როლს და აუმჯობესებს მცენარის გამძლეობას, რადგან შეიცავს კაროტინს, ვიტამინებსა და ფიტონციდებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხახვის ფურცლების ნაყენი მალევე უნდა გამოვიყენოთ, რადგან ის მალე ფუჭდება.

 

საფუარი

საფუარი მშვენივრად გამოდგება, როგორც ოთახის  მცენარეების სასუქი საშუალება, რადგან შეიცავს ვიტამინებს, ფიტოჰორმონებსა და ციტოკინინებს (უჯრედების დაყოფის მასტიმულირებელი ჰორმონები). საფუვრის – ზრდის ბუნებრივი სტიმულატორის – გამოყენება დადებითად იმოქმედებს თქვენი მცენარის ნიადაგში მიკროელემენტების აქტიურობაზე.

ასეთი სასუქის მოსამზადებლად 1 ს. კ. შაქარი და 10 გ საფუარი დაუმატეთ 1 ლიტრ თბილ წყალს, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში და შემდეგ წყლით განაზავეთ 1:5 თანაფარდობით.

 

კვერცხის ნაჭუჭი

კვერცხის ნაჭუჭი კარგად ცნობილი სასუქია, რადგან დიდი რაოდენობით კალციუმს, ფოსფორს, რკინასა და მცენარისთვის აუცილებელ სხვა ელემენტებს შეიცავს.

შეგიძლიათ გამხმარი ნაჭუჭი დაფხვნათ და გრუნტს მოაყაროთ, ან ნაყენი მოამზადოთ მცენარეების მოსარწყავად. ამისათვის უმი კვერცხის ნაჭუჭი გამოდგება. ჩაყარეთ ნაჭუჭი ლიტრიან ქილაში, შეავსეთ თბილი წყლით და სახურავი დააფარეთ. დადგით ქილა 4-5 დღის განმავლობაში. ხსნარი დღეში ერთხელ შეანჯღრიეთ.

 

ბანანის კანი

ბანანის კანი შესანიშნავი ეკოლოგიური დანამატია, რადგან დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს, მაგალითად, მაგნიუმს და კალიუმს შეიცავს.

ბანანის კანიდან სასუქის მომზადება ძალიან მარტივია. ამის გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ კანი გათბობის ბატარეასთან ან მზეზე გამოაშროთ, სანამ არ გაშავდება, შემდეგ კი ყავის საფქვავში დაფქვათ. მიღებული ფხვნილი მცენარის გარშემო მიწას თვეში ერთხელ მიმოაყარეთ.

ასევე შეგიძლიათ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კანი მიწას შეურიოთ. ლპობისას კანი საკვებ ნივთიერებებს გამოყოფს.

 

ხის ნაცარი

ეს ყველაზე ეფექტიანი და ცნობილი სასუქია მცენარეებისთვის, რადგან ხის ნაცარი შეიცავს ისეთ სასარგებლო მირკოელემენტებს, როგორიცაა: კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი და მრავალი სხვა. ნაცარი ზრდის ნიადაგის ჰაერ- და ტენგამტარიანობას, აუმჯობესებს მის შემადგენლობას.

გამოიყენეთ მშრალი ნაცარი ან მისი ნაყენი. მშრალი ნაცარი შეიძლება მიწაზე მოაყაროთ (მცირე რაოდენობით), ან მცენარის გადანერგვის დროს მიწას შეურიოთ. ნაყენი ასე მზადდება: 3 ს. კ. ნაცარი განაზავეთ 1 ლიტრ წყალში და ერთი კვირის განმავლობაში გააჩერეთ. ხანდახან კოვზით მოურიეთ.

 

აკვარიუმის წყალი

ეს მოულოდნელი, მაგრამ ძალიან სასარგებლო გამოსავალია თქვენი ოთახის მცენარეებისთვის. აკვარიუმში მრავალი მიკროორგანიზმი ბინადრობს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წყლის ბიობალანსზე, ასე რომ, აკვარიუმიდან აღებული წყალი თქვენს მცენარეებს სასარგებლო ნივთიერებებით გააჯერებს. აკვარიუმის წყლით ნებისმიერი მცენარის მორწყვა შეიძლება.

მცენარეთა მარტივი და საიმედო სასუქები დაგეხმარებათ იზრუნოთ მათზე დიდი დროის ან ფულის დახარჯვის გარეშე.

რჩევა: სასურველია იცოდეთ, თუ რა მჟავიანობისაა ნიადაგი, რომელშიც ამა თუ იმ მცენარეს რგავთ და რამდენად შეესაბამებიან ისინი ერთმანეთს. ნიადაგის მჟავიანობის განსაზღვრა სახლის პირობებშიც შეიძლება: თეფშზე დაყარეთ 1 ჩ. კ. მიწა და 9%-იანი ძმარი დაასხით. უხვი ქაფის წარმოქმნა მიუთითებს, რომ თქვენ ტუტე ნიადაგი გაქვთ, უმნიშვნელო ქაფის შემთხვევაში – ნიადაგი ნეიტრალურია, თუ ქაფი საერთოდ არ წარმოიქმნა – ე. ი. ნიადაგი მჟავეა.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close