მსოფლიოსაზოგადოებასპორტი

რუსეთს 4 წლით აეკრძალა მსოფლიო ტურნირებში მონაწილეობა, მათ შორის, ოლიმპიადაზე და მსოფლიო თასზე

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რუსეთს 4 წლით აუკრძალა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ „ვადას“ დასკვნით, რუსეთის ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტო არ შეესაბამება ანტიდოპინგურ კოდექსს და მას კოდექსის შესაბამისობის სტატუსი ჩამოართვა. WADA-ს სტანდარტების თანახმად კი, თუ ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტო სტატუსს კარგავს, ქვეყანაც კარგავს მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის უფლებას, როგორიც არის მსოფლიო ჩემპიონატები და ოლიმპიადები, აგრეთვე, დიდი საერთაშორისო ტურნირები. აქედან გამომდინარე, რუსეთი ასეთ შეჯიბრებებში მონაწილეობას 4 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს.

შესაბამისად, რუსეთის დროშა არ დაიშვება ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო თასი 2022, რომელიც ყატარში ჩატარდება.

BBC-ს ინფორმაციით, რუს სპორტსმენებს შეუძლიათ შეჯიბრებებზე გამოსვლა ნეიტრალური დროშის ქვეშ და სახელმწიფო ჰიმნის გარეშე, თუმცა მათ უნდა დაამტკიცონ, რომ დოპინგს არ იღებდნენ.

2017 წელს ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით ვერ გამოვიდოდა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების შესახებ გახმაურებული ფაქტები გახდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close